მთავარი საქართველო წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი 

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი 

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო სეზონის თარიღები ცნობილია.

2023 წელს, ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს, ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.

წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.

ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში.

ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.

გვაქვს სასიხარულო ამბავი – მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ-ს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი.  დროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელიც იქნება და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება“, – თქვა დავით საყვარელიძემ, წინანდლის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend