საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დასკვნის პროექტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მთელი რიგი საკითხები პოზიტიურად არის შეფასებული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელსაც მმართველი პარტია მეორე მოსმენისთვის გაითვალისწინებს.
„ მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები დასკვნაში გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზის შემცირებაზე, ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დააკვირდებიან განხილვების პროცესს. მათი თქმით, მათი პოზიცია იმაზე იქნება დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეკომენდაციებს სრულად.
„მე გავეცნობი რეკომენდაციებს, ზოგადად ჩვენ პირველი მოსმენის დროსაც დავუჭირეთ ცვლილებებს მხარი. ვთვლით, რომ ეს ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და თუ რეკომენდაციები მოვიდა და მათ დამატებით შევასრულებთ, ჩვენი მხარდაჭერა ექნება, თუ იმ რეკომენდაციებში რაიმე წარმოუდგენელი არ წერია, თუმცა, ამის მოლოდინი არ მაქვს, რადგან ზოგადად, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პოზიტიური დისკუსია იყო და არ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა, ალბათ, პირიქით, შევძლებთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს ცვლილებები. ის ცვლილებები, რაც მიღებულია, ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯია, იმის მიუხედავად რომ იყო ცვლილებები, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში მხარი დავუჭირეთ მას,”- განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, სანდრო რაქვიაშვილმა.
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც 2024 წლიდან ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღო. ის ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთს უკავშირდება.
ანა ალელიშვილი