მთავარისაქართველოსაქართველოში „შავი ზღვის თანამშრომლობის პლატფორმა" დაფუძნდა

საქართველოში „შავი ზღვის თანამშრომლობის პლატფორმა” დაფუძნდა

უკრაინაში რუსული აგრესია, ევროპის კონტინენტზე რადიკალურად შეცვლილი ვითარება და საქართველოს როლი და მნიშვნელობა, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნის, ამ ტურბულენტური გამოწვევების ფონზე.

ფართო მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ყოველწლიურ კონფერენციაზე სახელწოდებით – „შავი ზღვა – ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“.

დამსწრე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საქართველოს ენერგოტენციალი ევროპისთვის და ამ ნაწილში აზერბაიჯანის, როგორც რეგიონის მთავარი ენერგომატარებლის ჩართულობა. ამის გარდა ისაუბრეს ლოგისტიკური ტრაექტორიის ცვლილებებზეც და ამ მხრივ შავი ზღვის სათანადოდ ათვისების აუცილებლობაზე. ყოველწლიური კონფერენციის გამართვის გარდა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ „შავი ზღვის თანამშრომლობის პლატფორმაც“ დააფუძნა.

“ამ პლატფორმის შექმნით, აქ დამსწრე საზოგადოება ვთანხმდებით ერთხმად, რომ ჩვენი საზღვარი ევროკავშირთან, რომელიც შავი ზღვით არის უზრუნველყოფილი, სათანადოდ უნდა ავითვისოთ სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის, ევროპასთან საზღვაო კავშირი არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ყურადსაღებია ორი მიმართულება. პირველი ეს არის ენერგოპოტენციალის ათვისება, როცა უკვე ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ელექტროენერგიის წარმოება და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ზღვით მიწოდება ვუზრუნველყოთ. ამაში ჩვენ უნდა ჩავრთოთ აზერბაიჯანიც. რადგან მხოლოდ საქართველო აღარაა ამ მიმართულებით მთავარი. აზერბაიჯანი ევროპისთვის ამ რეგიონიდან მთავარ ენერგომიმწოდებლად გადაიქცა“, – განაცხადა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

ქართველ და უცხოელ სტუმრებსა და მონაწილეებს შორის იყვნენ ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი სამეწარმეო ჯგუფების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ბიზნესისთვის საინტერესოა ახალი გამოწვევების დაძლევის ყველა ასპექტი და გრძელვადიანი ეკონომიკური გათვლებისთვის ასეთი კონფერენციების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ყველა შესაძლო პერსპექტივა ქართულმა მხარემ უნდა აითვისოს.

„ადრე ყველა ვსაუბრობდით საქართველოს და შავი ზღვის პოტენციალის შესახებ როგორც მომავლის პერსპექტივა. ახლა დადგა სწორედ ეს პერიოდი, როდესაც რეალისტური გახდა ლოგისტიკური, ენერგო და სხვა მიმართულებებით შავი ზღვის სათანადოდ გამოყენების აუცილებლობა. ჩვენ მჭიდრო კავშირები უნდა დავამყაროთ განსაკუთრებით შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან. ბიზნესს დღეს აინტერესებს ხვალინდელი დღე და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა. ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს ასეთი კავშირების შექმნას და შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრის საერთაშორისო ფორმატიდან გამომდინარე, კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელებიც დაესწრნენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა, მოცემულ ვითარებაში გაზრდილია და ყველა მოკავშირე მხარემ, ეს შესაძლებლობა ზუსტად და სათანადოდ უნდა გამოიყენოს.

“მონაწილეობას ვიღებ შავი ზღვის პლატფორმაში. ეს არასამთავრობო ინიციატივაა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და კომპანიების მეტად დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის აუზში კავშირების გაღრმავების მიმართულებით. შავი ზღვა უნდა იყოს არა გამყოფი ზოლი, არამედ დამაკავშირებელი ელემენტი საქართველოსა და რეგიონს შორის. აქტიურად ვმუშაობთ ე. წ. “ფლაგმანი პროექტების მიმართულებით”. ერთ-ერთი მათგანი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელია, რომელმაც რეგიონი ევროკავშირს უნდა დააკავშიროს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ციფრული კაბელი და საზღვაო გადაზიდვები. წინ დიდი საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოსაა ევროკავშირთან – შავმა ზღვამ და კავშირგაბმულობამ ერთმანეთს მეტად უნდა დაგვაკავშიროს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ორგანიზატორების განცხადებით, არასამთავრობო-საზოგადოებრივი ინიციატივა – „შავი ზღვის თანამშრომლობის პლატფორმა“, საერთო მიზნების მიღწევისთვის, მომავალში ეცდება გააერთიანოს სხვადასხვა ორგანიზაცია, ექსპერტები, სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები.

განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა საქართველოს ენერგო და სატრანსპორტო გამტარობისა და ენერგოგენერაციის ზრდის მიმართულებებს, რაშიც სამთავრობო პოლიტიკური მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend