მთავარიევროპაუკრაინამოხალისეები ჩეხეთიდან და პოლონეთიდან უკრაინაში გენერატორებს აგზავნიან

მოხალისეები ჩეხეთიდან და პოლონეთიდან უკრაინაში გენერატორებს აგზავნიან

ჩეხეთის რესპუბლიკაში 10 დღის განმავლობაში 70 000 ევროზე მეტი შეგროვდა იმ გენერატორების შესაძენად, რომლებიც ასე სჭირდებათ უკრაინელებს.

ქვეყანას გადასცემენ 36 გენერატორს. მოხალისეების მიზანია, დაეხმარონ უკრაინის მოსახლეობას იქ,  სადაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. გენერატორების ნაწილი უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გაიგზავნება. ამ რეგიონებში  ყველაზე მეტად იგრძნობა რუსული დაბომბვის შედეგები.

საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვაცლავ კერპტი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის  გენერატორებისა და დენზე მომუშავე გამათბობლების მიწოდებაა. მათ უკვე შეძლეს ერთი დიდი, 400-კილოვატიანი გენერატორის აღდგენა. ვაცლავ კერპტს კონკრეტული ადგილი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის ელექტროენერგიით უზრუნველყოფს წყლის სადგურს 100 000-კაციან დასახლებაში.

გენერატორებს უკრაინაში, ჩეხეთის გარდა, პოლონეთიც აგზავნის, ხერსონს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება, თუმცა ქალაქში მობილური ტელეფონების დატენვის პუნქტებია მოწყობილი. როგორც ცნობილია, რუსებმა ქალაქი ერთი კვირის განმავლობაში 260-ჯერ დაბომბეს. სხვა რეგიონებში ელექტროენერგია მოსახლეობას დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის თქმით, რთული ვითარებაა, არის დეფიციტი. თუმცა სისტემის 30%-იანი დეფიციტის პირობებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სწორი გადანაწილების შემთხვევაში,  შესაძლებელია, რომ თითოეულ რეგიონში მოსახლეობას ელექტროენერგია დღე-ღამეში 5-6 საათი მიეწოდოს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ საკმარისი რესურსი აქვთ იმასათვის, რომ ცივ ზამთარს გაუმკლავდნენ.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend