უკრაინაში დაწყებულმა ომმა განათლების სისტემას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ქვეყნის დასავლეთში სასწავლო პროცესი გრძელდება. განგაშის დროს ბავშვებმა უკვე იციან, რომ სასწრაფოდ უნდა გადავიდნენ თავშესაფარში. თუმცა სხვებს ნაკლებად გაუმართლათ. როგორც ამბობენ, ომის დროს 2000-ზე მეტი სკოლა დაზიანდა ან განადგურდა. ლვივის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს სჯერა, რომ სკოლების აღდგენა პრიორიტეტული საკითხი იქნება და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება.
სკოლის დირექტორი ოლეს პოჰრანიჩნი ამბობს, რომ, როდესაც თანხის ჩადებაზეა საუბარი, უკეთესია, განხორციელდეს ფუნდამენტური ინვესტიციები. საჭიროა, აშენდეს სკოლები და არა ისეთი ყაზარმები, როგორებიც 50-იან და 60-იან წლებში იგებოდა. მისი თქმით, ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც მოსწავლეები სიამოვნებით მიიღებენ ცოდნას.
3D პრინტერისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით უკვე დაიწყო სკოლის მშენებლობის პროცესი. საძირკველი უკვე ჩაყრილია. თუმცა მოწყობილობა მომავალი წლის დასაწყისამდე არ ჩამოვა.
მშენებლობა მარტში დაიწყება, როდესაც ტემპერატურა 5 გრადუსს ასცდება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაწყებიდან ერთ თვეში დასრულდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჟან კრისტოფ ბონისს სურს, რომ ეს ტექნოლოგია წარმოაჩინოს ისეთ სივრცეში, როგორიცაა სკოლა, სადაც ბევრი სამუშაოა გასაწევი. მისი თქმით ისინი საავადმყოფოებისა და სახლების მშენებლობაშიც დაეხმარებიან უკრაინელებს, რადგან ომის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა.
უკრაინიდან წასული 7 მილიონი მოქალაქის დიდი ნაწილი სწორედ ბავშვია. ომის დასრულებისა და მათი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ბავშვებისთვის სათანადო განათლების მიცემა იქნება.