უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევში ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ეს კიევში ყველაზე დიდი დელეგაციის ვიზიტია. დედაქალაქში ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
„ნათელია, რომ დრო დადგა უკრაინის მხარდაჭერა გავზარდოთ და კიევს მივაწოდოთ ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს საჭიროდ. ტანკები, სამხედრო საჰაერო ხომალდები და არტილერია“, – განცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრელიუს ლანდსბერგისმა.
კიევში შეხვედრისას დიპლომატებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობაც დადეს.
„უკრაინა საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ საზღვრებზე სრულად აღადგენს კონტროლს. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის დასრულებამდე გავაგრძელებთ, ჩვენი მიზანი საერთო ევროპული მომავლის შექმნაა“, – თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილშტრომმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მისი სახელმწიფოსთვის ანტისაჰაერო შეიარაღების გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ჩვენი ენერგო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ ოკუპანტების მიერ დაზიანებულის აღდგენა მოგვიწევს. საჭიროა ორი რამ, ენერგო ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები და საჰაერო თავდაცვის სისტემები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
უკრაინა კი ოკუპანტების საჰაერო და სარაკეტო იერიშების მოგერიებას აგრძელებს, დედაქალაქ კიევში შესაძლოა, ევაკუაცია გამოცხადდეს.