მთავარიგადაცემებიოკეანეთევზაობა და ეკოლოგია ხმელთაშუა ზღვაში

თევზაობა და ეკოლოგია ხმელთაშუა ზღვაში

მცირე მეთევზეები ევროპის სათევზაო ინდუსტრიაში დასაქმებეულთა ნახევარს წარმოადგენენ. თუმცა როდესაც საქმე ამ ინდუსტრიის პოლიტიკის ფორმირებას ეხება, მათი ინტერსი მსხვილი ინდუსტრიული თევზმჭერების ინტერსს ეწირება. არადა წვრილ მეთევზეებსაც ისევე აწუხებთ ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, როგორც სხვებს. ამიტომ ხორვატიასა და საბერძნეთში წვრილი მეთევზეები ინოვაციურ გზებს ეძებენ.

ეკოლოგიური თევჭერა საუკეთესო პროდუქტის გარანტია

„მთელი ცხოვრება, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ვხედავდი, თუ როგორ დაცურავდნენ  ზღვაში მეთევზეების ნავები – ზუსტად ჩემი სახლის წინ,“ იხსენებს ხორვატი მეთევზე  შიმე ბარიჩი.  „და ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს მეც მათნაირი გავხდებოდი. თევზაობა ყოველთვის მიზიდავდა, თან ძალიან მიყვარს ზღვაში ყოფნა“.

შიმე ველებიტის არხში პატარა კრევეტებს იჭერს, რომლებსაც სკამპის scampi უწოდებენ და ხორვატიაში ყველაზე სასურველ და ძვირფას ზღვის  პროდუქტად ითვლება. თუმცა ამ სახეობის კრევეტის სიძვირის მიუხედავად, შიმემ გადაწყვიტა, ნაკლები დაიჭიროს.

შიმეს ისეთი სათევზაო ნავი და აღჭურვილობა აქვს, რომელიც მცირე ნადავლზეა გათვლილი, ამიტომ ის ოფიციალურად წვრილ მეთევზედ ითვლება.

მეთევზეობის ინდუსტრიის პოლიტიკის განსაზღვრის დროს ხშირად აქცენტი მსხვილ ინდუსტრიულ თევზჭერაზე კეთდება და ასეთი წვრილი მეთევზეები არ ახსენდებათ. არადა, ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთ მცირე სანაპირო დასახლებაში, როგორიც შიმეს სოფელია – ბარიჩ დრაგა.

“ამ არემარეში, მეთევზეობის გარდა, შემოსავლის სხვა  წყარო არც არსებობს. ეს ალბათ ერთადერთი გზაა, რომ მთელი წელი სამუშაო  და რაღაც შემოსავალი გქონდეს,“ – ამბობს შიმე.

როცა კარგი ამინდია – თითქმის  ყოველ მეორე დღეს –  შიმე კრევეტების საჭერ მოწყობილობას ამოწმებს – ეს არის ბადურიანი გალია, რომლითაც ზღვის ფსეკერზე კრევეტებს იჭერენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ არხში თევზაობის დროს ბადეს ზღვის ფსკერზე არ ვათრევთ. აქ კრევეტებს მხოლოდ შერჩევით იჭერენ – რაც ნიშნავს, რომ იჭერენ მხოლოდ მსხვილებს, რომლებიც ვერ გაძვრებიან ბადურაში. შედეგად არ ზიანდება არც ზღვის ფსკერი და არც კრევეტები. ამიტომ ნამდვილად უმაღლესი კლასის პროდუქტს ვიღებთ“,- განმარტავს შიმე.

ეკოლოგიური თევზჭერა

ახლა შიმე  მუშაობს ოკეანოლოგ მარინა მაშანოვიჩთან ერთად, რომელიც ზაგრების უნივერსიტეტის თანამშრომელია. მარინა მეთევზის ქალიშვილია და თავისი სადოქტორო ნაშრომისთვის საჭირო კვლევის პროექტის ფარგლებში შიმეს მსგავს მეთევზეებს ეხმარება, რათა სათევზაო ბადურა გააუმჯობესონ: მათ სურთ, რომ ბადეს წვრილი კრევეტები აღარ ამოჰყვეს. წვრილების დაჭერას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ისეთი იაფია, რომ გარჯა არ ღირს.

„მე კვლევა ჩავატარე და ოპტიმალური ზომის ბადე შევარჩიე, რომელიც მეთევზეებს საშუალებას აძლევს, რომ ნადავლის გადარჩევაზე დრო აღარ დაკარგონ –  ამ ბადეს მხოლოდ ის მსხვილი კრევეტი ამოჰყვება, რომელიც ბაზარზე ყველაზე ძვირია“, – ამბობს მარინა მაშანოვიჩი.

შიმე  დაჭერილ დედალ კრვეტებსაც უკან აბრუნებს, თუნდაც ისეთ მსხვილებს, რომლებსაც სულ ადვილად გაყიდის,  კილოს 35 ევროდ. საქმე ისაა, რომ თითოეულ დედალ კრევეტს ათასი ქვირითის დაყრა შეუძლია, რაც, შიმეს აზრით, მომავალში მეტის დაჭერის საშუალებას მისცემს.

გათავისუფლებულ დედალ კრევეტს სწრაფად უბრუნდება ცურვის უნარი და  ის ფსკერისკენ მიდის. როგორც ჩანს, ასე აპირებს თავის გადარჩენას.

„ამას მოქმედი რეგულაცია არ ითხოვს – მაგრამ ზოგიერთი მეთევზე საკუთარი გადაწყვეტილებით იქცევა ასე“, – განმარტავს მარინა. „მექვირითე  დედალი თევზის დაჭერა რომ აიკრძალოს, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენდა.“

ნაკლები ნადავლი გარკვეულ წაგებას ნიშნავს – ახალი საჭერი ბადურა შეიძლება ძვირი დაჯდეს.

თუმცა „ბუნების მსოფლიო ფონდის“ (WWF) მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპიდან მიღებული ფინანსებით მეთევზეებს ეხმარებიან. მათ სურთ, აჩვენონ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სასარგებლო იქნება გარემოსთვისაც და წვრილი მეთევზეებისთვისაც.

ეკომეგობრული გზით დაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტები ძალიან ძვირად ფასობს და მათ ძირითადად პრესტიჟული რესტორნები იმარაგებენ – ასე რომ შერჩევითი თევზჭერა მეთევზეებს საშუალებას აძლევს, ნაკლები იმუშაონ და მეტი შემოსავალი მიიღონ.

ფაბიან-ჰრვატინ პერონია, WWF Adria-ის პროექტის მენეჯერი:

„ჩვენ მეთევზეებს ბაზართან ვაკავშირებთ. ვეხმარებით კოოპერატივების ჩამოყალიბებასა და ბიზნესის გეგმის შედგენაში. ვქმნით ისეთ ბრენდებს, რომელთაც მომხმარებელი ადვილად იცნობს და მიიღებს. ამ გზით გვინდა, ეკოლოგიური თევზჭერით დაინტერესებული მეთევზეები დანარჩენებისაგან განვასხვაოთ. გვსურს, რომ  ის მეთევზეები, რომლებიც ლუკმაპურს ზღვაში შოულობენ, ზღვის დამცველები გახდნენ, დაიცვან ეს სასიცოცხლო რესურსი და მომავალ თაობებს შეუნახონ“.

ამგვარი მხარდაჭერის წყალობით ადგილობრივმა მებადურებმა ეკოლოგიური სათევზაო კოოპერატივი ჩამოაყალიბეს. ისინი სულ ახალი თევზის ბაზრის გახსნას აპირებენ.

„ბუნების მსოფლიო ფონდის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დახმარების ასეთი სწორი  ფორმის გამო შესაძლოა ხმელთაშუაზღვისპირეთში სულ უფრო ბევრმა მეთევზემ მოინდომოს მეტი შემოსავლის მიღება ნაკლები ნადავლით – შედეგად თევზის სახეობები უფრო სწრაფად აღდგება, რაც ხელს შეუწყობს მეთევზეებს, შეინარჩუნონ პროფესია.

მარკო კოსტანტინი, „ბუნების მსოფლიო ფონდის“  ხმელთაშუა ზღვის  პროგრამის ოფისის მეთევზეთა პროექტის მენეჯერი:

„ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ ეკოლოგიური თევზჭერა შესაძლებელია, თუკი წვრილ მეთევზეებს დავეხმარებით, რომ კოოპერატივები ჩამოაყალიბონ – ასეთ შემთხვევაში საკუთარი ნავებისა და ბადეების გაუმჯობესების  მიზნით, მათ შეუძლიათ მიმართონ ევროპის საზღვაო, სათევზაო და აკვაკულტურის დამფინანსებელ ფონდებს და ასე გააუმჯობესონ შერჩევის მეთოდი.“

სათევზაო ტურიზმი

არის სხვა გამოსავალიც. ზოგიერთ ტურისტულ ადგილას მებადურები ტურისტული გიდის ფუნქციასაც ითავსებენ. საბერძნეთში კუნძულ კითნოსზე შევხვდით ქრისტოსსა და ლიას: როდესაც ამ ადგილებში თევზი მკვეთრად შემცირდა, ეს წყვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება მეთევზეობას მისდევდა, ტურისტულ ბიზნესს მოჰკიდა ხელი.

„აქ პრობლემა ჭარბი თევზჭერაა,“ – ამბობს მეთევზე და გიდი ქრისტოს ილიუ. „იმის გამო, რომ  ყოველდღე ძალიან ბევრი ნავი გადის ზღვაში სათევზაოდ და ბადის გასაშლელად, თევზი შემცირდა. ფაქტობრივად, მთელ კუნძულზე მკვეთრად იკლო. მდგომარეობა  ყოველ წელს უარესდება. არადა, მეთევზეობის მეტი ხელობა მე არ ვიცი. მაგრამ ახლა სათევზაო ტურიზმის წყალობით, ისევ შეგვიძლია გასვლა  ზღვაში, რომელიც ასე მიყვარს“.

ნავზე გატარებული დღის განმავლობაში ტურისტები ეცნობიან მეთევზის შრომას და იგებენ, თუ როგორ ზრუნავენ ისინი ზღვაზე.  ტურის დროს მეთევზე იმდენი თევზის დაჭერასაც ახერხებს, რომ ნავზე გემრიელი სადილი მოამზადოს. ეს იაფი არ ჯდება – 4-კაციანი ტურისტების ჯგუფი 5- საათიან ტურში 400 ევროს იხდის. თუმცა ბევრი თვლის, რომ ამ უჩვეულო ტურის საფასური ნამდვილად ამართლებს შთაბეჭდილებას.

ევანგელია (ლია) კუნტურაკი, კითნოსელი მეთევზე და გიდი:

„ ეს ძალიან სასიამოვნო რამ არის, მაგრამ ბევრმა არაფერი იცის ამის შესახებ. ტურისტები ისე ჩამოდიან კუნძულზე, რომ აზრადაც არ მოსდით, ეს ტური აიღონ. ჩემი აზრით, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რადგან ეს  ტური შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს“.

ევროკავშირისა და WWF-ის პროგრამები ამ სათევზაო ტურიზმსაც უჭერენ მხარს, რადგან ეს კიდევ ერთი გზაა, რომლიც წვრილ მეთევზეებს საშუალებას აძლევს, ნაკლები ითევზაონ, მაგრამ შემოსავალი გაზარდონ.

„მეთევზეებმა სპეციალური ნებართვა უნდა აიღონ, თუ სათევზაო ტურიზმში სურთ ჩართვა,“ – განმარტავს მიქალის მარგარიტისი, პროექტის „ბუნების მსოფლიო ფონდი –  საბერძნეთი“ ხელმძღვანელი. „მათ ნავი უნდა განაახლონ, რისთვისაც გარკვეული თანხა სჭირდებათ. გარდა ამისა, რაღაც ახალი უნარებიც უნდა შეიძინონ, რადგან ტურიზმს კარგად არ იცნობენ. ჩვენი პროგრამის ფარგლებში მეთევზეებისთვის გარკვეულ სემინარებს ვაწყობთ, რათა მათ სათევზაო ტურიზმი შევასწავლოთ“.

წვრილი მეთევზე სულაც არ ნიშნავს უმნიშვნელოს – ისინი ევროპის სათევზაო სექტორში დასაქმებულების ნახევარს წარმოადგენენ. და მათ დახმარება სჭირდებათ, რათა მზარდ ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებს გაუმკლავდნენ.

„სამთავრობო ინვესტიციების უმეტესობა და მთავრობის ყურადღება ძირითადად ფართომასშტაბიან ინდუსტრიულ თევზჭერაზე მოდის,“ – ამბობს მარკო კონსტანტინი, „ბუნების მსოფლიო ფონდის“  ხმელთაშუა ზღვის  პროგრამის ოფისის მეთევზეთა პროექტის მენეჯერი. „მცირე მეთევზეები კი, ცოტა არ იყოს, გარიყეს. არადა, ეკომეგობრულ თევზჭერაზე რომ გადავიდნენ, წვრილ მეთევზეებს დახმარება სჭირდებათ. ჩვენ რაღაც-რაღაცების გაკეთებას ვახერხებთ, მაგრამ აუცილებელია უფრო თანმიმდევრული მიდგომა, რომელიც გააერთიანებს მეთევზეებს, მეცნიერებს, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებს, რათა ყველამ ერთად გარდაქმნას თევზჭერის სექტორი“.

ავტორი : დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend