რუსული ჭურვების, ცივი ზამთრის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის ნაკლებობის ფონზე ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. უკრაინის ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქიდან ასაკოვანი მოქალაქეებიც გაჰყავს.
რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს უტევენ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრძანებით, კი სახელმწიფოს ქალაქებში ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის მიზნით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
უკრაინულ ქალაქებში მოსახლეობას სასმელი წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, გამოწვევების ფონზე უკრაინის პრეზიდენტსა და კიევის მერს შორის პოლიტიკური დაპირისპირება კი მწვავდება, ორ ლიდერს შორის დაპირისპირება 2019 წელს დაიწყო, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მერი კორუფციაში დაადანაშაულა, ვიტალი კლიჩკომ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ზეწოლის სამიზნე იყო.
დედაქალაქ კიევში უკვე თოვს, სამხედრო ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ტემპერატურის ვარდნა სამხედრო მოქმედებების მასშტაბს გაზრდის, მოსკოვი კი უკვე ერთი თვეა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურას სარაკეტო, საარტილერიო და სამხედრო საჰაერო ძალებით უტევს.
„ხერსონი შესაძლოა, მეორე მარიუპოლი გახდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გავიყვანოთ ხერსონიდან. აქ არ არის ელექტროენერგია, არ არის არც სასმელი წყალი და არც ბუნებრივი აირი, არ არის საკვები, მოსახლეობას მედიკამენტები სჭირდება, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ ადამიანების დასახმარებლად“, – ამბობს მოხალისე ვიქტორ მირონოვი.
ხერსონი ორი კვირის წინ გაათავისუფლეს, უკრაინის პრეზიდენტმა ამ მოვლენას ომში გადამწყვეტი მომენტი უწოდა. რუსი სამხედროები კი მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან ქალაქს ბომბავენ.