უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა სოფელი კამიანკა მთლიანად გაანადგურეს. ხარკივის რეგიონში მდებარე სოფელში ერთი შენობაც კი აღარ დგას, რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მიდამოებში დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა.
სოფელში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, ცხედრებს სარდაფებში და ეზოებში პოულობენ.
რუსული ინტერვენციის დაწყებამდე ქალაქში 1300 მდე ადამიანი ცხოვრობდა, მათმა უმრავლესობამ მშობლიური მხარე ომის დაწყებიდან მალევე დატოვა.
ერთ-ერთი მათგანი ოლგა ჩერედნიჩკოა, მისი თქმით ის და მისი ოჯახი სახლიდან რუსმა სამხედროებმა გამოყარეს, ახლა კი ოლგა ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ქონების დაბრუნებას ცდილობს, მისი სახლი ისევე როგორც ყველა ადგილობრივის, თითქმის დანგრეულია.
„მათ ჩემს სახლს ყუმბარა ესროლეს და მთლიანად გაანადგურეს, არ ვიცი რა ვქნა, ომის დაწყებამდე ბევრი ახალი ნივთი გვქონდა ნაყიდი და ყველაფერი ან მოპარულია ან უბრალოდ განადგურებული. ომის დაწყებიდან მალევე კარზე რუსმა სამხედროებმა დააკაკუნეს, კიდევ კარგი ყუმბარა არ შემოაგდეს, შემდეგ სახლიდან გამოგვაგდეს“, – იხსენებს კამიანკას მკვიდრი ოლგა ჩერედნიჩკო,.
ლუდმილა და ვოლოდიმირ კორნიჩიები ფერმერები არიან. უკვე ორი თვეა, რაც მათი დასახლების გათავისუფლების შემდეგ საკუთარი სახლ-კარის აღდგენას ცდილობენ, ჯერჯერობით ისევ ახლოს მდებარე იზუმში აფარებენ თავს.
„ასე გვეგონა, რომ მალე ცოცხლები აღარ ვიქნებოდით, რაც შეეხება ჩვენს კარ-მიდამოს, არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ყოველდღე ჩემს თავს ამას ვეკითხები, რა ვიღონო, საიდან დავიწყო?“ – წუხს ლუდმილა კორნიჩი.
სოფელს არც ბუნებრივი აირი, არც სასმელი წყალი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწოდება მალე აღდგება.