მთავარისაქართველოქართველები უცხოურ ყველს ამზადებენ

ქართველები უცხოურ ყველს ამზადებენ

როგორ უნდა დამზადდეს მაღალი ხარისხის ევროპული ყველი? საქართველოში ამის ინტერესი არსებობს, ამიტომ რძის ქართველი გადამამუშავებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით, ევროპული ყველის მასტერკლასი მოეწყო.

ქართველი მეწარმეები თეორიულადაც და პრაქტიკულადაც აზუსტებენ ყველა დეტალსა და საიდუმლოს, რაც კარგი ევროპული ყველის დამზადებისთვის არის საჭირო. პირველი მასტერკლასი კახეთში, სოფელ ტიბაანში გაიმართა, სადაც ქართველმა მეწარმებმა ჩედარისა და გაუდის სახეობის  ყველის დამზადება ისწავლეს.

საჭირო ტექნოლოგიური საშუალებების სიმცირის მიუხედავად, ქართველმა მეწარმეებმა ყველის დამზადება  არსებული რესურსებით შეძლეს.

„საქართველოში უკვე 4 დღეა ვარ და პროგრამის ფარგლებში 10-მდე მონაწილეს მივაწოდე ინფორმაცია სხვადასხვა სახეობის ყველის თაობაზე –  როგორ კეთდება, როგორი გემო უნდა ჰქონდეს, როგორი აგებულება და გაფუჭების შემთხვევაში, როგორ უნდა გააუმჯობესონ ყველის მდგომარეობა.  ახალი მექანიზმების დაუფლება  და განსხვავებულ მასალასთან შეგუება საკმაოდ რთულია, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, ბევრ მასალაზე არ მიგვიწვდება ხელი,  მაგრამ ვცდილობთ გარემოსთან ადაპტაცია შევძლოთ.  ჩემი საქმეა ამერიკაში ახალი ყველის პროდუქციის წარმოება და მისი ხარისხის კონტროლი,  სწორედ ამ ცოდნის გადაცემა გვსურს ქართველი კოლეგებისთვის. მეორე მხრივ, მე თავადაც ბევრი გავიგე იმ ადამიანებისგან, ვინც ქართულ ტრადიციულ ყველს ამზადებს. თაობიდან თაობას გადაეცემა ეს ცოდნა. ჩვენ ჩვენი ტექნიკა გვაქვს დამზადების, მათ თავისი და ამიტომ ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება ძალიან სასარგებლო იყო” , – აღნიშნავს ამერიკული კომპანია Land O’Lakes INC-ის პროდუქტების უფროსი მენეჯერი.

მეწარმე ჯემალ ხატიაშვილი ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგია და მისი მიზანი ქართული პროდუქციის ხარისხის დახვეწაა.

„უცხოელი ექსპერტების ვიზიტი და მათი ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ რეალურად მათგან ვსწავლობთ და მათგან ვიღებთ რეკომენდციებს, რათა გავაუმჯობესოთ საკუთარი წარმოება და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ხარისხი“, – ამბობს კომპანია „ბუტრანას“ დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი.

კახეთის შემდეგ, სწავლება ქვემო ქართლშიც ჩატარდება, სადაც მონაწილეები მოცარელასა და პროვოლონეს დაამზადებენ.

„მასტერ კლასი დავიწყეთ დღეს, რეალურად ამ სეზონზე გვაქვს 4 ჯგუფის გადამზადება დაგეგმილი. თითოეული ჯგუფი გაივლის ორდღიან კურსს, პირველი არის თეორიული ნაწილი, მეორე დღეს კი პრაქტიკულად ვამზადებთ ყველს. ტრენინგები ჩატარდება სხვადასხვა რეგიონში, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან იყოს რძის გადამამუშავებელი პროცესორები. ტიბაანში ჩვენ ვამზადებთ გაუდას და ჩედარს, მომდევნო იქნება ქვემო ქართლში, სადაც მოცარელასა და პროვოლონეს დავამზადებთ, შემდეგ კი იმერეთში წავალთ“, – აცხადებს USDA-SQIL პროექტის სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯერი მზია კუზნეცოვა.

მასტერკლასი რამდენიმე დღე გაგრძელდება. დასწრება და უგემრიელესი ყველის გასინჯვა კი ყველას შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend