მთავარიგადაცემებიპრიზმაიტალიური სამზარეულოს კვირეული

იტალიური სამზარეულოს კვირეული

იტალია უბრალოდ არაჩვეულებრივია! აი, ამ სიტყვებს იმეორებს ყველა, ვინც  ყოველი წლის ნოემბერში იტალიური სამზარეულოს კვირეულზე იკრიბება. და თანაც, იკრიბება არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ახლა ჩვენ “რადისონ ქოლექშენში”, წინანდლის მამულში ვიმყოფებით.  ამჯერად წინანდალი სახელგანთქმულ იტალიელ შეფმზარეულს, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელს კარლო კრაკოს მასპინძლობს. კარლო კრაკო საქართველოში საგანგებოდ იტალიური კვირეულისთვის ჩამოვიდა  და მოგვიანებით თბილისში გამართულ გალა ვახშამზე საავტორო კერძებს  მოამზადებს სტუმრებისათვის.

პირველი რაც კარლო კრაკომ წინანდალში მოისურვა,  წინანდლის მამულის  ქართული ღვინის კოლექციის გაცნობა იყო.   კოლექციისა სადაც  ბოთლში ჩამოსხმული უძველესი ქართული ღვინო ინახება. კარლო კრაკო ღვინოს თავადაც აწარმოებს, მილანში საკუთარი მარანი აქვს და  ქართულ ღვინოსთანაც, ეს მისი პირველი შეხვედრა არ ყოფილა.

თუმცა ამჯერად, მან პირველად ჩააკრა პური თონეში და პირველად ამოავლო ჩურჩხელა.  ქართულ სუფრასთან მიახლოებისას კი აღნიშნა –   სადაც კარგი ღვინოა, იქ ხშირად კარგი სამზარეულოც არისო.

“ქართულ სამზარეულოსთან შეხება აქამდე არ მქონია, თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ მზარეულს შევხვდი, ესტონეთში, ტალინში, კულინარიულ კონკურსზე და იქ გარკვეული წარმოდგენა შემექმნა, მაგრამ ახლა უკვე გავსინჯე კიდეც ქართული კერძები და ისინი ძალიან განსხვავებულია. ასევე, ეს საოცარი ადგილი აღმოვაჩინე, აქაურობა უნიკალურია… რაც შეეხება რეცეპტებს, ხმელთაშუაზღვისპირეთის კერძებისგან ძალიან შორსაც არ არის, რა თქმა უნდა განსხვავებები ნათელია,, მაგრამ გარკვეული ელემენტები ძალიან მსგავსია. მე ღვინის მარანი მაქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და იქ ქართული ღვინოც გვაქვს, ამიტომ, ქართულ ღვინოს ძალიან კარგად ვიცნობ. ვგულისხმობ ტექნიკასაც, რადგან იტალიაშიც ვიყენებთ ღვინის ამფორას, ამისთვის მადლობა ქართულ ტრადიციას”, – ამბობს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეული კარლო კრაკო.

იტალიური კვირეული საქართველოში… მართლაც არაჩვეულებრივი იტალიური სამზარეულო, კულტურული ღონისძიებები, საჯარო დეგუსტაცია და საჯარო ლექციაც სახელწოდებით „მეცნიერება, გემო და ბუნება“. 18 ნოემბერს კი გალა ვახშამი გაიმართა სასტუმრო „რადისონში“. კარლო კრაკოს თქმით,  წლევანდელი შეკრების მთავარი თემა ტრადიციული გემოების ხელახლა აღმოჩენა და ინოვაციების მეშვეობით მათი გარდაქმნა იყო.

“ეს გალა ვახშამი იტალიური სამზარეულოს კვირეულის ნაწილია, რომელსაც მსოფლიოში ყველა ჩვენი საელჩო ატარებს. მეამაყება, რომ საქართველოში სახელგანთქმული შეფმზარეული კარლო კრაკო ჩამოვიყვანეთ მილანიდან, რომელიც გაგვაცნობს შესანიშნავ იტალიურ სამზარეულოს, მდგრადი  განვითარებისა და ინოვაციის ჭრილში. ეს კულინარიის უნივერსალური კონცეფციებია, რომლებიც საქართველოშიც აქტუალურია”, – აცხადებს იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო.

გალა ვახშამი რესტორან ფილინი-ში გაიმართა, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი იორდი ქუითი აცხადებს, რომ სახელგანთქმული იტალიელი შეფმზარეულის სტუმრობა გამოცდილების გაცვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

“ამ ღონისძიებას იტალიის საელჩოსთან ერთად ვმართავთ, რომლის იდეაც იყო იტალიური კვირეულის მოწყობა. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ამ ვახშმისა და კარლო კრაკოს მასპინძლობა დიდი შესაძლებლობაა. ის ცნობილი შეფია მილანიდან, მიშლენის ვარსკვლავიც აქვს და კარიერის განმავლობაში არაერთი საოცარი პროექტი განუხორციელებია. ამიტომ, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მზარეულებისთვის, რომლებიც იკვლევენ მსოფლიო კულინარიას, საერთაშორისო გამოცდილების მიღება ბევრს ნიშნავს, ასევე, კარლო კრაკოსთვის და მისი გუნდისთვისაც, ის 6 მზარეულთან ერთად ჩამოვიდა რათა  ქართული სამზარეულოს შესახებ მეტი გაეგო. ორი დღე წინანდლის მამულშიც იყვნენ სადაც არამხოლოდ ადგილობრივი ღვინო, არამედ სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული კერძებიც გასინჯეს, და ამიტომ, იქნებ, ერთ დღეს კარლო კრაკოს მენიუში ქართული კერძებიც კი ვიხილოთ. ვინ იცის… ასეთი ინიციატივები, როდესაც სილქ ჰოსფითალითი იტალიის საელჩოსთან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუშაობს, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ განვავითაროთ და გადავამზადოთ  ჩვენი თანამშრომლები”, – აცხადებს “სილქ ჰოსფითალითის” აღმასრულებელი დირექტორი იორდი ქუითი.

გალა ვახშმისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა, მზარეულები და მიმტანები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. სტუმრებიც ნელ-ნელა იკრიბებიან.

კარლო კრაკო მენიუს გვაცნობს.

“პირველი კერძი ოსპი იქნება, ნიგვზითა და მარაკუიათი. შემდეგ კი კვერცხი პომიდვრის ფაფით. ეს ტიპური ტოსკანური კერძია. ამის შემდეგ რიზოტოს გავამზადებთ, მასკარპონეთი, ანჩოუსით, ლიმონითა და ქოქოსით. ბოლო კერძი ხბოს ხორცი იქნება კაპარითა და ძირტკბილათი. საღამოს ბოლოს კი სტუმრებს კლასიკური მილანური პანეტონეთი გავუმასპინძლდებით”, – ამბობს ის.

ასეთი იყო იტალიური სამზარეულოს კვირეული საქართველოში, რომლის მთავარი გმირიც იტალიური გემო გახლდათ. გემო, რომელიც ასე აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend