მძიმე დღის შემდეგ კიევში ღამე კიდევ უფრო ცივი და ბნელი იყო. რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შედეგად ქვეყნის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ქვეყანაში კი ტემპერატურა მალე ნულს ქვემოთ დაეცემა.
თავდასხმების დროს 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა. რუსული რაკეტების გამო ჩაბნელებულია მჭიდროდ დასახლებული ქალაქები: კიევი, ლვივი, მიკოლიავი და ხარკივი. მოსახლეობას არ მიეწოდება არც ელექტროენერგია და არც წყალი. შესაბამისად, მათ არც გათბობის საშუალება აქვთ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ზარალი დიდია, ხალხი იღუპება. ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ინჟინრები, სპეციალისტები და მაშველები მუშაობენ. მითითებები უკვე მიეცათ ადგილობრივ მთავრობებს. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინელები, იმდენად ძლიერები არიან, რომ ყველაფერს აღადგენენ და ამ გაჭირვებასაც გადაიტანენ.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კი მოსკოვის რეგიონში რაკეტების მწარმოებელ ქარხანას ეწვია. რამდენიმე საათში მან ტელეგრამზე განაცხადა, რომ რუსეთის მტერი ამაოდ ელის, რომ მათ რაკეტების რაოდენობა ამოეწურებათ. ბოლოს დმიტრი მედვედევმა დასძინა, რომ რაკეტები ყველასთვის საკმარისია.
რუსული ძალების მიერ მიტანილი იერიშის გამო ელექტროენერგია გაითიშა მოლდოვაშიც, რომელიც უკრაინის ენერგოქსელზეა დამოკიდებული.
ქვეყნის შედარებით მშვიდ ნაწილში, ქალაქ ლვივში, საავადმყოფოებში გენერატორებია ჩართული. ვითარება დრამატულია, ომი გრძელდება, მდგომარეობას ცივი ზამთარიც ართულებს.