მთავარივიდეოსაქართველოს პრეზიდენტი: სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტი: სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ის ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის და ღირსებისთვის უმნიშვნელოვანესია.

კომენტარი მან დღეს, მედიასთან გააკეთა, მაშინ როდესაც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციას ესწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ  სასამართლოს ღირსეული გადაწყვეტილების იმედი აქვს, რადგან ეს მისი თქმით ერთადერთი სწორი გზაა.

„რაც ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც მე ყოველდღიურად ყურადღებით ვარ. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის… თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. დღეს მან ამ მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას სურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალური ინფორმაცია გააცნოს.

„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მივმართეთ და ვთხოვთ, რომ მიმიღოს აუდიენციაზე. ეს მოხდეს სასწრაფოდ, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ნებისმიერ წუთს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა. მე ვითხოვ, რომ შევხვდე, გავაცნო საქმის მასალები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, საექსპერტო დასკვნა. შეწყალებაზე არ მივმართავთ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ვნახოთ, შევხვდებით, ვთხოვთ სასჯელის გადავადებას. წესით, ამ საქმეს უნდა იხილავდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ეს, რა თქმა უნდა, პრეცედენტია ქართულ მართლმსაჯულებაში – ჯერ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა, მას როგორც თანამდებობის პირს, უფლება აქვს მისი ნებისმიერი საქმე მოითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. – განაცხადა   შალვა ხაჭაპურიძემ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა

დღეს, 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ გადაიდო მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი, მიზეზი კვლავ მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მისი ადვოკატები, ამერიკელი ექსპერტებისგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გამოქვეყნებას ელოდებიან.

„უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  სხდომის გამართვა ვერ ხერხდება და აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება მიექცეს. რაც შეეხება სასამართლო პროცესები ქრონოლოგიას ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ მეტნაკლებად ადეკვატური მიდგომაა და თვეში ერთხელ ინიშნება პროცესი. თუმცა „საზღვრის კვეთის“ საქმეზე ყოველ კვირას ნიშნავს მოსამართლე პროცესს და რისი იმედით, გაურკვეველია“, – ამბობს ბექა ბასილაია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ცენტრ „ემპათიაში“, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნებზე მუშაობს, ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

ანანო ღუდუშაური

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend