მთავარისაქართველოსაქართველოში რუსული ნავთობის იმპორტი 375%-ით გაიზარდა

საქართველოში რუსული ნავთობის იმპორტი 375%-ით გაიზარდა

დასავლური სანქციების გამო,  რუსული ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე ყოველდღიურად ფასს კარგავს. თუ აქამდე,  ტრადიციულად “ბრენტისა“ და „ურალის“ დასახელების  ნავთობს შორის ფასში სხვაობა ორ დოლარამდე მერყეობდა, ახლა „ურალი“ „ბრენტზე“  25%-ით იაფად იყიდება. ამის მიზეზი დასავლეთიდან მოთხოვნის კლებაა.

გიორგი ბერბერაშვილი, „გალთ ენდ თაგარტის“  უფროსი ანალიტიკოსი ამბობს:  „მაგალითად, „ბრენტის“  ნედლი ნავთობის ღირებულება თუ არის 80 დოლარი, რუსული ნედლი ნავთობის ღირებულება შესაძლოა 10, 15, 20 დოლარით ნაკლები იყოს.  შესაბამისად, თუ „ბრენტის“ ნავთობის ფასის კორექტირება მოხდება, ანალოგიურად მოხდება რუსული ნავთობის ფასისაც, იქნება ეს გადამუშავებული ნავთობპროდუქტი თუ ნედლი ნავთობი…“

როგორც ჩანს, ეკონომიკური სანქციების ეფექტი რუსული ნავთობის ინდუსტრიაზე უკვე მტკივნეულად ისახება, თუმცა იმ ქვეყნებში,  რომლებიც დასავლურ სანქციებს სრულად არ უერთდებიან ნავთობიმპორტიორები ცდილობენ სწორედ იაფი რუსული  საწვავი იყიდონ.

ასე იქცევიან იმპორტიორები საქართველოშიც.  ქვეყნის  უმსხვილესი საიმპორტო საქონლის სტატისტიკაში, ნავთობი და ნავთობპროდუქტები მეორე ადგილს იკავებს, რაც ქვეყანაში სრული იმპორტის 10.6%-ია.

2022 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე საქართველოში იმპორტირებული ნავთობის 43% რუსეთიდან იყო და ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  375%-ით მეტია.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ქვეყნის უმსხვილეს ნავთობიმპორტიორებს აერთიანებს. ამ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ბიზნესი ამ შემთხვევაში არჩევანს რუსულ მომწოდებლებზე აკეთებს, რადგან ახლა რუსეთში საწვავის შეძენაც და საქართველოში ტრანსპორტირებაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან.

„ერთი ტონის მოტანა ბათუმში, ზღვით როდესაც გადმოაქვთ სხვა ქვეყნებიდან  1070 დოლარი ჯდება, მერე ამას ემატება ტერმინალიზაცია, თბილისამდე მოტანა, ან სხვა რეგიონში მიტანა… მოგეხსენებათ,  რომ რკინიგზა უფასოდ არ მუშაობს და ეს საკმაოდ დიდი ხარჯია. რუსეთიდან  გარდაბანში, ბორბლებზე, ვაგონებით მოტანა კი 700 დოლარი  ჯდება“, – აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი.

საქართველოში მომწოდებელ ბაზრებს შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის პრეროგატივაა.  ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართულ  ნავთობიმპორტიორებს როგორც წესი არ უჭირთ მომწოდებლებზე ბაზრებზე ლავირება, თუმცა   ფაქტია, რომ  დღეს საქართველოში ავტომობილების უმეტესობა რუსული საწვავით დადის.  ეს კი იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსულ ნავთობკომპანიებს ფინანსური დისკომფორტი შეუქმნას.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend