პრეზიდენტის სასახლეში რეგიონების კვირეულის ფარგლებში “სვანეთის დღეები” გაიხსნა. ამ კვირეულის მიზანია ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ასევე საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა.
“გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ რეგიონიდან წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და რეგიონი გახდეს აქ არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი. ამ ღონისძიების 90 პროცენტი სწორედ რეგიონიდან წამოსული იდეები და ღონისძიებებია. მე ისიც უნდა ვთქვა, რომ არ არის ნორმალური. რომ ასეთი შეთავაზება რომ არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც არანაირად ან ახლოს, ან შორს, არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო, იყო სრული თავისუფლება რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონიდან არცერთი ოფიციალური პირი არ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლეში სამი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები, სადაც ისაუბრებენ სვანეთის პოტენციალზე და რეგიონის პრობლემებსა და გამოწვევებზე.
“ქართული კულტურა უმდიდრესია და რა თქმა უნდა მრავალ ამ კულტურაში გამოირჩევა სვანური კულტურაც, სამწუხაროდ შეიმჩნევა სვანური ენის, სვანური კულტურული მემკვიდრეობის მივიწყების ტენდენცია. პირველ რიგში, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიცნოს თუ რა არის ეს ყველაფერი და რას მოიცავს. ძალიან დასაფასებელია ევროპული ოჯახის დახმარება, თუნდაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროცესში, მათ შორის, სვანური ენის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს, რომ თითოეული მოქალაქე მოვიდეს, დაესწროს ღონისძიებას და ნახოს, თუ რამდენად მდიდარია მისი სამშობლო”, – ამბობს ზემო სვანეთის განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრი ბექა დადეშქელიანი.
კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.