მთავარისაქართველო„დეოლიგარქიზაციის" შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აკრიტიკებს

„დეოლიგარქიზაციის” შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის მიერ 76 ხმით, მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, მწვავე პოლიტიკური განხილვის თემაა. ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა აცხადებს, რომ უკრაინული კანონის ასლის მიღებით, ოლიგარქიული გავლენები უფრო გამყარდება. არადა, მათი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნა სულ სხვა იყო. „ქართული ოცნების“ ოპონენტების აზრით, მმართველი პარტია 12 რეკომენდაციიდან სათანადოდ არც სხვა პუნქტებს ასრულებს  და „დეოლიგარქიზაციის კანონის“ ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის ფაქტობრივად ზუსტი ასლით მიღებას, პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან არიდების საბაბით ხსნიან. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღებით ევრორეკომენდაცია შესრულდება.

„ეს კანონი მიიღეს უკრაინაში. თავის დროზე ამ კანონის მიმართ არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. ჩვენ ეს კანონი გადმოვაქართულეთ და ვხედავთ, რომ ამას ე.წ. NGO სექტორი და ასევე რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს. მიზეზი არის ერთადერთი – მათ არ უნდათ დეოლიგარქიზაცია. ისინი ხედავენ, რომ ერთადერთი, სადაც არის ოლიგარქიული გავლენები, ეს არის მათი პოლიტიკური პარტია -„ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“. ოლიგარქიული გავლენები მხოლოდ იქ არის. აქედან გამომდინარე, მათ დეოლიგარქიზაცია არ უნდათ და შესაბამისად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდათ. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ამ კანონს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ, კვლევა მოამზადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გააცნო. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ დოკუმენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს, ქართული რეალობისთვის  უშინაარსოს და დამაზიანებელს უწოდებს. ასევე, დასკვნაში წერია, რომ კანონი ხელს შეუწყობს ოლიგარქიული ძალაუფლების გამყარებას. რეკომენდაციის სახით კი წერია, რომ მთავარი არა ამ კანონის მიღება, არამედ დანარჩენი 11 რეკომენდაციის სათანადოდ შესრულებაა, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას.

დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია. ვინ დააკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ვინ შევა „ოლიგარქთა რეესტრში“, კონტურები ფაქტობრივად უკვე ცნობილია. მმართველი პარტიიდან, კანონპროექტის ავტორების აზრით, ამ სიაში არ შევა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ შესაძლოა შევიდნენ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები. ამით, „ქართულ ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევრორეკომენდაცია შესრულდება. პასუხი ევროკავშირიდან, მომავალი წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend