მსოფლიო ლიდერები დღეს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. ამით დასრულდება ინდონეზიაში დიდი ოცეულის შეხვედრა. დასავლელმა ლიდერებმა მოამზადეს 16-გვერდიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის აგრესია უკრაინაში. ქვეყნების წარმომადგენლებს დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. თუმცა პოლონეთში განვითარებული მოვლენების გამო შესაძლოა მათ აზრი შეიცვალონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამიტის დატოვებამდე განაცხადა, რომ მომზადებული დოკუმენტი უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მიერ არის პოლიტიზებული.
დიდი ოცეულის წევრები განიხილავდნენ ბევრ საკითხს, მათ შორის იყო მზარდი ინფლაცია, სასურსათო უსაფრთხოება, შიმშილი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები. თუმცა მთავარი თემა მაინც უკრაინაში მიმდინარე ომი და ბირთვული ესკალაციის საფრთხე იყო.
ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა სამიტზე რამე წარმატებას. თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინის მეზობელ ქვეყანაში შეჭრით ნამდვილად შეირყა გლობალური ეკონომიკა, მსოფლიოს კი დრო დასჭირდება მის შედეგებთან გასამკლავებლად.