ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების ახალ ეტაპზე გადადის.
ბრიუსელში გამართულ ხანგრძლივ შეხვედრაზე 27-მა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ სანქციები დაუწესონ ირანის 29 ფიზიკურ პირსა და სამ იურიდიულ პირს.
სანქციები ირანს თავისი მოქალაქეების სასტიკი რეპრესიებისა და უკრაინის ომში რუსეთის დახმარებისთვის ეკისრება.
„ჩვენ ირანს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. კამიკაძე დრონების მიყიდვა არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის აშკარა დარღვევა“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა.
სანქცირებულ პირთა შორის არიან ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი და ორი გენერალი. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მთავრობამ ძალადობითა და რეპრესიებით უპასუხა, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებები“ აცხადებს, რომ დარბევის შედეგად 326 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლებენ. მათგან ბევრს სიკვდილით დასჯა ემუქრება.