სლოვენიის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში ლიბერალმა პოლიტიკოსმა ნატაშა პირც-მუსარმა გაიმარჯვა. ის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
გამარჯვების შემდეგ პირც-მუსარმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. იგი დაჰპირდა მათ, რომ შეეცდება სლოვენიაში მემარცხენე და მემარჯვენე ამომრჩეველს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას.
„სლოვენია არ არის საარჩევნო ბიულეტენი. სლოვენია არ არის პოლიტიკური პარტია. სლოვენია მრავალფეროვანი მოზაიკაა, რომელიც მთელი თავისი სილამაზით მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ ჩვენი სამშობლოსთვის თითოეული ადამიანი ყველაფერს დათმობს”, – განაცხადა სლოვენიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნატაშა პირც-მუსარმა.
კვირას გამართულ არჩევნებში პირც-მუსარმა სლოვენიის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანჟე ლოგარი დაამარცხა. მან ხმათა 54% მიიღო, ლოგარმა კი – 46%. ყოფილმა მინისტრმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
ლოგარი იმედოვნებს, რომ პირც-მუსარი ყველა იმ დაპირებას შეასრულებს, რომლებზეც მან კამპანიის დროს ისაუბრა.
„ჩვენ შორის ყოველთვის იქნება განსხვავებები. თუმცა, ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად მივიღოთ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ანჟე ლოგარმა.
პირც-მუსარის გამარჯვება ქვეყანაში ლიბერალური ბლოკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აპრილში სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა.