მთავარი მსოფლიო ევროპა საფრანგეთსა და იტალიას შორის გრძელდება უთანხმოება მიგრანციის პოლიტიკის შესახებ

საფრანგეთსა და იტალიას შორის გრძელდება უთანხმოება მიგრანციის პოლიტიკის შესახებ

საფრანგეთი ბრიუსელს მოუწოდებს, მოაგვაროს იტალიასთან მიმდინარე უთანხმოება,  რომელიც იტალიის მიგრაციის პოლიტიკასა და ჰუმანიტარულ სამაშველო გემებს უკავშირდება.

13 ნოემბერს გრძელი რიგები იყო საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე. როგორც ცნობილია, იტალია უარს ამბობდა ქვეყნის პორტებში სამაშველო გემების შეშვებაზე, პარიზმა კი საპასუხოდ სასაზღვრო კონტროლი გააძლიერა.

სამაშველო ხომალდი „ოკეანის ვიკინგი“, რომელიც ზღვაში 3 კვირაზე მეტხანს იყო გაჩერებული, პარიზის გადაწყვეტილებით, ტულონში ჩავიდა.

იტალიის ახალმა ულტრამემარჯვენე მთავრობამ, რომელსაც ჯორჯია მელონი უდგას სათავეში, განაცხადა, რომ იტალია ლიბიიდან კონტრაბანდისტების გემებით წამოსული მიგრანტების მთავარი შესასვლელი აღარ იქნება.

საფრანგეთის მთავრობის სპიკერის ოლივიე ვერანის თქმით,  იტალია არ ასრულებს ვალდებულებას, რომელსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ევროპული სოლიდარობის მექანიზმისთვის. ამიტომ ფრანგული მხარეც აღარ მიიღებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ 3000 მიგრანტს იტალიიდან.

ამავდროულად, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო აპირებენ ისტორიული შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბრიტანეთის საიმიგრაციო სისტემაზე წნეხის შემცირებას. როგორც ცნობილია,  ლა-მანშის სრუტეს ყოველწლიურად პატარა ნავებით 40 000-ზე მეტი პირი კვეთს. სავარაუდოდ, ბრიტანეთი ყოველწლიურ გადასახადს 60 მილიონიდან 70 მილიონ ფუნტამდე გაზრდის.

ეს კი ხელს შეუწყობს სანაპიროებზე პატრულირების გაძლიერებასა და იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელთა საშუალებითაც ადვილად შეამჩნევენ ნავებს, სანამ ისინი ბრიტანეთისკენ დაიძვრებიან.

ამასთანავე,  პირველად საფრანგეთის საკონტროლო პუნქტებში იქნებიან ბრიტანეთის ოფიციალური პირებიც.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend