მთავარიევროპაუკრაინახერსონის რეგიონში უკრაინულმა არმიამ 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნა

ხერსონის რეგიონში უკრაინულმა არმიამ 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნა

ხერსონში მოსახლეობა ქუჩებში გამოდის და უკრაინელ ჯარისკაცებს ეგებება. ქალაქში საზეიმო გაწყობაა.

თუმცა იქამდე იყო დიდი მარცხი რუსეთისთვის – კიევთან და ხარკივთან.

რუსულმა არმიამ კატასტროფა ამჯერად სამხრეთის ფრონტის ხაზზე განიცადა და ვლადიმერ პუტინის მიერ დიდი ზარზეიმით ანექსირებული ქალაქი, ერთი თვის თავზე პანიკური და ქაოსური უკანდახევის ფონზე დატოვა.

კრემლში ტრადიციულად სამხედრო მარცხს არ იმჩნევენ და ფრონტის გარღვევას გადაჯგუფებას უწოდებენ.

“ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ამას სირცხვილს უწოდებს, ბევრი კი ასე არ ფიქრობს, მე არცერთ მოსაზრებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. კრემლში არ ვნანობთ, ხერსონისა და სამი დანარჩენი რეგიონის რუსეთთან გაერთიანების ზეიმს, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

განცხადება გააკეთეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროშიც.

„ხერსონის მიმართულებაზე ჩვენი ჯარების მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე გადმოყვანა მოსკოვის დროით დილის 5 საათზე დასრულდა. ცოცხალი ძალისა და შეიარაღების თვალსაზრისით დანაკარგები არ გვაქვს“, – თქვა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა იგორ კონაშენკოვმა.

ქალაქ ხერსონს და ხერსონის რეგიონს დიდი ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ხერსონის რეგიონი ცნობილია გემთმშენებლობითა და მიწათმოქმედებით.

ქალაქ ხერსონის მნიშვნელობა დიდია სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისითაც. ხერსონიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული 100 კილომეტრით არის დაშორებული.

ხერსონის გათავისუფლებით საფრთხე ექმნება ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ეგრეთ წოდებულ სახმელეთო ხიდსაც, რომელიც რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიის რეგიონს გულისხმობს.

ხერსონის დაკარგვა უდიდესი პოლიტიკური დარტყმაც არის კრემლისთვის.

ნათელია, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსული მხარისთვის აქამდე წარმოუდგენელი სცენარით ვითარდება და მსოფლიოში ეგრეთ წოდებული მეორე არმია უკვე 22 – ეც აღარ არის, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კონტრშეტევა კი გრძელდება – გასული 24 საათის განმავლობაში ხერსონის რეგიონში უკრაინულმა არმიამ 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნა და საერთო ჯამში 1300 – ზე მეტი კვადრატული კილომეტრი მიწა გაათავისუფლა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend