ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დეკემბერში ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ახალ ტარიფს დაადგენს. თუმცა, როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს ტარიფები ელექტროენერგიასა და გაზზე სავარაუდოდ იგივე დარჩება.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში 15-16%-ით იზრდება, რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი მოხმარების მაჩვენებელი 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში.
დავით ნარმანიამ უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიები ამოწმებენ მომხმარებლებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი თუ სისტემა შემოწმებული იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სუნს იგრძნობს ან გაზთან დაკავშირებით რამე პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და გამოიძახონ ბრიგადა.
„ზამთრის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვები მომხმარებლებისგან, თუ რატომ მოსდით მათ გაზრდილი გადასახადები. ეს, როგორც წესი, მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული. მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა, გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში, ზამთრის სეზონში, ზაფხულის სეზონთან შედარებით, 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, დენმიმღებისა და გაზის გამათბობლებს უფრო ადრე რთავენ. მისი მოხმარება უფრო ხშირია, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. თუ მომხმარებლებს მაინც კითხვები ექნებათ ან ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მოუვიდათ, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლებათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას. რაც შეეხება ტარიფებს, ისინი არ შეიცვლება. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა-ზამთარში იქნება უცვლელი. ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით.
„თბილისი ენერჯი“, „სოკარ ჯორჯია“ და სხვა კომპანიები ამოწმებენ მომხმარებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა იყოს შემოწმებული და თუ რაიმე სახის სუნს იგრძნობს მომხმარებელი ან გაზთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ უწესრიგობაა, მან აუცილებლად უნდა დარეკოს შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე და გამოიძახოს ბრიგადა. ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია არასწორად შეერთებულ ან არასათანადო დანადგარს ჩახსნის ხოლმე ქსელიდან, მომხმარებლები კი, სამწუხაროდ, თვითნებურად აერთებენ მას. თვითნებურად მიერთება კატეგორიულად დაუშვებელია და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით არის აკრძალული, პირველ რიგში, ჩვენივე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის და ასევე, გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა.