მთავარისაქართველოევროპარლამენტის რეზოლუცია და პასუხები საქართველოდან

ევროპარლამენტის რეზოლუცია და პასუხები საქართველოდან

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოხსენება და რეზოლუცია, პოლიტიკური განსჯის საგანი გახდა ქართველ პოლიტიკოსებში. მოწოდებები ამ დოკუმენტში ძირითადად მმართველი პარტიის მიმართ ისმის.

რეზოლუციით ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ ძირითადად, ოპონენტების კანონის სახელით დევნისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ასევე, დოკუმენტში წერია, რომ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს გავლენები აქვს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, რაც ევროინტეგრაციისთვის დაუშვებელია.

ეს მოწოდებები მიუღებელია მმართველი პარტიის ლიდერებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „სოციალისტური პარტიის“ წევრები, უსამართლოდ იქცევიან და რუსული მეთოდებით ახდენენ გავლენას საქართველოზე.

“სამწუხაროდ, ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, რაც ჩვენ ვიხილეთ პროექტის იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე იყო დამტკიცებული. თუ ამ ტექსტს და იმ ნაწილებს ჩავხედავთ, რაც საბოლოო ჯამში შესწორების სახით აღმოჩნდა ტექსტში, ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, როცა ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწოდოთ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. ანუ, „ნიუსპიკი“ არის ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი სიყალბეების აღიარებას. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება და ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – თეთრი ვერ გახდება შავი, შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ, სიმართლე ყოველთვის სიმართლედ დარჩება, ტყუილი ყოველთვის ტყუილი იქნება“, – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორ გამოიყენებს ოპოზიცია ევროპარლამენტარების მოწოდებებს თავის პოლიტიკურ სვლებში, ჩამოყალიბებულად უცნობია. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურებიდან, აქამდეც არაერთი გასაგები გზავნილი იყო ქართველი პოლიტიკოსებისთვის.

იმის მიუხედავად, რომ რეზოლუციაში ძირითადი მოწოდებები „ქართული ოცნების“ მიმართ ისმის, ოპოზიციის მისამართითაც არის გარკვეული შენიშვნები – მაგალითად პოლიტიკურ პოლარიზაციაში მათი წვლილის შესახებ.

თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ის, რაშიც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ოპოზიციის ტვირთი ვერ გახდება.

„ამ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს შენიშვნები, თუ არ იქნება გათვალისწინებული და ამის გათვალისწინებისა და შესრულების ბერკეტი აქვს ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლებას, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანამ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, „ქართულ ოცნების“ იქნება. ოპოზიცია, ამ შემთხვევაში მე „ნაციონალური მოძრაობის სახელით ვსაუბრობ, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მაგალითად, ოლიგარქიის კანონზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკუღმა იღებს. ასეთი უამრავი მაგალითი შემიძლია ჩამოვთქვალო, რაც მმართველი პარტიის დამოკიდებულებას გამოხატავს. შესაბამისად, იმაზე, რაზეც პასუხისმგებელია ქვეყანაში „ქართული ოცნება“, ჩვენი პასუხისმგებლობა ვერ გახდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.

ევროკავშირი საქართველოს შეფასებას, ევრობლოკში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ევროპარლამენტის რეზოლუცია კი 12 პუნქტთან ერთად, ერთგვარი დამატებითი გზავნილი და ნიშანია იმ ევროპულად სწორი გზის, რაც ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით, ქვეყანამ უნდა გაიაროს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend