სატელიტით მოპოვებული ფოტომასალით რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინული ქალაქის, მარიუპოლის სიახლოვეს ახალი მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.
მასობრივი სამარხი მარიუპოლის ჩრდილოეთით დასახლება სტარი ყირიმთან აღმოაჩინეს. ცხედრების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინული არმია კი დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტთან რუსული არმიის საარტილერიო და სარაკეტო დამუშავებას აგრძელებს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზებზე ვითარება რთულია, მაგრამ მისი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ.
უკრაინელი ლიდერის თქმით, ოკუპანტებს მძიმე დანაკარგები აქვთ და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის შემდეგ გაიმართება.
ანექსირებულ ხერსონში კი რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია, ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ მიდამოებში კი უკრაინელი სამართალდამცველები განაღმვით და საგამოძიებო სამუშაოებს ატარებენ.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ფხენიანი მოსკოვს საარტილერიო ჭურვებს აწვდის.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ფედერაციას საარტილერიო ჭურვებს აწვდის. ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე მეტს ვერ გეტყვით“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა.
პენტაგონში უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო შეიარაღების გადაცემის შესახებაც განაცხადეს.
„ჩვენს მიერ კიევისათვის გადაცემული შეიარაღება უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს და უკრაინელი ხალხი რუსული საჰაერო შეტევებისგან უფრო დაცულია იქნება, იქნება ეს რუსული რაკეტები თუ სამხედრო დრონები“, – ამბობს პეტ რაიდერი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
„ჯერჯერობით არ გვინახავს კრემლის მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის მოსკოვის მზადყოფნას დაადასტურებდა. ამ თვალსაზრისით კრემლს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მაგალითად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შეწყვეტა და უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშის შეწყვეტა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა.
აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტის ხაზებზე ოკუპანტებსა და უკრაინულ არმიას შორის დაუნდობელი ბრძოლა გრძელდება.