„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები და უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობენ, ზამთრის დაწყებამდე უკრაინაში თბილი თავშესაფრები მოაწყონ. რუსული იერიშების გამო, უკრაინაში შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნას.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ოლექსანდრა აზარხინამ განაცხადა, რომ, მართალია, ქვეყანას დისკომფორტი ექმნება, თუმცა ეს არ არის ის პრობლემა, რომელსაც უკრაინა ვერ გაუმკლავდება. მისი თქმით, უკრაინის პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა, რათა მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იყოს დაცული.
„ვმუშაობთ, რომ მოვამზადოთ თავშესაფრები და ყველანაირ დაბრკოლებას უფრო მომზადებულები შევხვდეთ. რა თქმა უნდა, არსებობს ე.წ პასიური თავდაცვის ორგანიზების შესაძლებლობა. თუმცა ეს საკმარისი არასდროს არის. ჩვენ გვესმის, რომ, თუ რუსეთს ექნება ახალი შესაძლებლობები, ახალი იარაღი, როგორიცაა ირანული უპილოტო თვითმფრინავები, ეს ჩვენ მეტ პრობლემას შეგვიქმნის. ერთადერთი გამოსავალი ყველა პროცესის დეცენტრალიზაციაა. ჩვენ ყველა ქალაქსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უნდა დავეხმაროთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინელების უმრავლესობა თავად ცდილობს, ელექტროენერგია უფრო ეკონომიურად მოიხმაროს“, – განაცხადა ოლექსანდრა აზარხინამ.
ოლექსანდრა იმედოვნებს, რომ ქვეყანა შეძლებს დაკარგული შესაძლებლობების აღდგენას, ამისთვის კი დახმარებას უკრაინის პარტნიორებს სთხოვს. მისი თქმით, მთავრობა ანტიკრიზისული ზომების მიღებაზე მუშაობს. სახელმწიფო ბევრ შემთხვევაში მოხალისეებსა და ბიზნესზეა დამოკიდებული. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთ მეზობლებს დაეხმარონ.