მთავარიევროპაუკრაინამიკოლაივის ზოოპარკში ვიზიტიორები ცოტა ხნით ომის საშინელებებს ივიწყებენ

მიკოლაივის ზოოპარკში ვიზიტიორები ცოტა ხნით ომის საშინელებებს ივიწყებენ

უკრაინის სამხრეთში, მიკოლაივის ზოოპარკში, შემოდგომის მზიან დღეს ისეთი სიმშვიდე იგრძნობა, რომ ვიზიტიორებს ცოტა ხნით ომის საშინელებებიც კი ავიწყდებათ. თუმცა რაკეტების ნამსხვრევები და აფეთქებების ყრუ ხმა რეალობაში გვაბრუნებს.

ზოოპარკი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს. ის ახლა მიკოლაივის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი საგანმანათლებლო და დასასვენებელი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა დამთვალიერებლებისთვის.

მიკოლაივის მკვიდრი ტატიანა ამბობს, რომ ეს შესანიშნავი ადგილია, სადაც შეუძლიათ ყურადღება გადაიტანონ და ომზე აღარ იფიქრონ, დაისვენონ და ბავშვებთან ერთად დრო გაატარონ.  საბავშვო ბაღებიც დაკეტილია. ამიტომ როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან ბავშვებს განათლების მიღებაში.

შექმნილი ვითარების გამო ცხოველების გადასარჩენად ზოოპარკში უამრავი სირთულისა და პრობლემის გადალახვა მოუწიათ. აუცილებელი გახდა სასმელი წყლის ახალი წყაროს მოძიება.  სერიოზული ლოგისტიკური პრობლემების მიუხედავად, მათ შეძლეს ცხოველების საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგება და თანამშრომლებისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიკოლაივის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე იური კირჩენკო ამბობს, რომ ქალაქს არ მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი, ონკანებიდან კი მარილიანი წყალი მოედინება. მათ ცხოველებისთვის სასმელი წყალი კონტეინერებით მოაქვთ, წყლის რეზერვუარები ყოველ დეპარტამენტში დგას.

ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ზოოპარკი უკრაინელი და უცხოელი მოხალისეებისა და სხვადასხვა ზოოპარკის დახმარებით ფუნქციონირებს.  ზოოპარკის მხარდასაჭერად  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ონლაინბილეთებს ყიდულობენ. ზოოპარკში ევაკუაციის დროს უკრაინელების მიერ მიტოვებული შინაური ცხოველებიც შეიფარეს.

ზოოპარკის თანამშრომლებისთვის ყველაზე მღელვარე პერიოდი ღამით დგება, როდესაც მიკოლაივს რუსულ რაკეტებს უშენენ.

ისინი ყოველდღე ერთმანეთს იმ იმედით ემშვიდობებიან, რომ მომავალ დღეს ისევ შეხვდებიან. ასეთია  მათი დღევანდელი ცხოვრება.

ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა მომავალი ზამთარია. ცივი პერიოდისთვის მზადება უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია. თუმცა ქალაქის ენერგოინფრასტრუქტურა მუდმივად რუსული რაკეტების სამიზნეა. ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ცხოველების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend