ეგეოსის ზღვის ფსკერზე ანტიკური კულტურული მემკვიდრეობის შედევრებია გამოფენილი – ეს უჩვეულო გამოფენა თურქეთის ზღვისპირა ქალაქ ენეზის მესვეურებმა ევროპული პროექტის ფარგლებში მოაწყვეს.
ეგეოსის ზღვის ფსკერზე ანტიკური კულტურული მემკვიდრეობის შედევრებია გამოფენილი – ამ უჩვეულო გამოფენას თურქეთის ზღვისპირა ქალაქი ენეზი გთავაზობთ.
სანაპიროდან ორი კილომეტრის დაშორებით, წყალქვეშ 18 მეტრის სიღრმეზე, მყვინთავებს შეუძლიათ, ეწვიონ წყალქვეშა მუზეუმს, რომელშიც ამ რეგიონში ნაპოვნი ხელოვნების ნიმუშების ასლებია გამოფენილი, მათ შორის არის ფრთიანი ქანდაკება, ლომის ფიგურა და ქალაქის ისტორიული კედლის რეპროდუქცია. ეს კედელი ბიომრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ასეთი მუზეუმის შექმნის ინიციატივა ევროკავშირის პროექტ „საგანძურის“ ნაწილია. პროექტი, რომელშიც თურქეთთან ერთად მონაწილეობენ ბულგარეთი, მოლდოვა და რუმინეთი, შავი და ეგეოსის ზღვების რეგიონში კულტურული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
პროექტ „საგანძურის“ კოორდინატორი ენეზში რემზიე ირმაკი.
“ეს პროექტი მემკვიდრეობის დაცვას ემსახურება. იგი გულისხმობს ხელოვნური რიფის შექმნასა და ყვინთვის ტურიზმის განვითარებას ენეზში,“ – ამბობს პროექტ „საგანძურის“ კოორდინატორი ენეზში რემზიე ირმაკი.
„წყალქვეშა მუზუმის შესაქმნელად ენეზის კულტურული მემკვიდრეობა გამოვიყენეთ, რადგან ენეზს დიდი ისტორია აქვს, თუმცა მსოფლიოში არავინ იცის ამის შესახებ.“
ანტიკური ხელოვნების ორიგინალური ნიმუშები უსაფრთხოდ ინახება ედირნეს არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც ენეზიდან ორსაათ-ნახევრის სავალზეა.
ადგილობრივი ისტორიკოსი შაფაკ იუქსელ ინალი, რომელიც ტურისტულ გიდად მუშაობს, წყალქვეშა მუზეუმის კოლექციის ყველაზე საინტერესო არტეფაქტზე ქალღმერთ ნიკეს ქანადაკებაზე საუბრობს.
“გამარჯვების ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ბერძნულ მითოლოგიაში,“ – განმარტავს შაფაკი. „მითოლოგიის მიხედვით, მას შეუძლია დიდი სისწრაფით გადაუფრინოს სამხედრო გემს. როგორც წესი, ნიკეს ქანდაკების ზომა 20-25 სანტიმეტრია, მაგრამ მყვინთავებმა კარგად რომ დაინახონ და მნახველზე უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინოს, წყალქვეშ გაცილებით დიდი ზომის ქანდაკება ჩაიდგა.“
პროექტ „საგანძურის“მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 939 544 ევროა და იგი ძირითადად ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება.
“ამ ცენტრში ვასწავლით, თუ რას ნიშნავს ტრადიციული ხელოვნება – „ებრუ“. ასევე ვთავაზობთ მუსიკის გაკვეთილებს, ვასწავლით დაკვრას პიანინოსა და ვიოლინოზე, თურქულ კლასიკურ ინსტრუმენტებზე. ვთავაზობთ ფიტნესს, პილატესსა და ნიჩბოსნობას, ცენტრში გვაქვს ყვინთვისთვის საჭირო აღჭურვილობაც,“ – ამბობს რემზიე ირმაკი.
ენეზში ახალ გზებს ეძიებენ, რათა ტურისტებს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა გააცნონ.
ავტორი: კლაუდიო როსმინო