მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ყოველ სამ თვეში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების დინამიკა. ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციამ 9 თვის მონაცემები შეაჯამა და ამ დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ურთიერთობის ყველა სეგმენტით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრადაა გაზრდილი.
ყველა ეკონომიკურ პარამეტრს შორის კი განსაკუთრებული ზრდაა ფულადი გზავნილების მიმართულებით. საერთო წილში 2022 წელს მას 40% უჭირავს. ანგარიშში ასევე საუბარია რუსული კომპანიების დარეგისტრირებაზეც. 2022 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, აქედან 97% ინდივიდუალური მეწარმის სტატუსს ატარებს.
კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან ასევე გამოიკვეთა შემდეგი:
2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია;
ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
ელექტროენერგიიის რუსეთიდან იმპორტის 3.6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა 32%-ით შემცირდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 7%-მდეა.
კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 96% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის.
2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-სექტემბერში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
„რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
მიგნებებთან ერთად, ორგანიზაციამ თავის ანგარიშში, რეკომენდაციებითაც მიმართა ხელისუფლებას. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებული საფრთხეების ფონზე, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის სწრაფად გათავისუფლება რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებისგან. ამისთვის კი, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებაზე უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა იმუშაოს, ყველა საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორთან.
ასევე, – „სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
ამასთან ერთად, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ალეკო გვეტაძე