პოლონეთმა რუსეთის ტერიტორიასთან, კალინინგრადთან დამაკავშირებელ საზღვარზე კონტროლი გააძლიერა.
პოლონეთში შიშობენ, რომ საზღვარი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მიგრანტებისთვის ევროპაში შესვლის ახალი პუნქტი გახდეს, რადგან რუსეთი კალინინგრადის აეროპორტსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ახალი ფრენების დანიშვნას გეგმავს.
„პოლონეთის არმიამ რუსეთის ფედერაციის საზღვრის მთელ სახმელეთო მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა დაიწყო. რუსეთის საზღვარზე ჩვენ ასევე ვგეგმავთ ელექტრონული ბარიერის აღმართვას”, – ამბობს კონრად შვედი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი მიგრანტებისთვის ახალი მარშრუტის გახსნას აპირებს, რითაც ევროპას ახალ თავსატეხს გაუჩენს.
„ამჟამად არ აღვრიცხავთ, რამდენი მიგრანტი შემოვიდა კალინინგრადის ოლქიდან თუმცა შეიძლება იგივე განმეორდეს, რაც ბელარუსში მოხდა. ჩვენ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასაც ვაკვირდებით. პოლონეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი უფრო პრევენციული პოლიტიკაა. რუსეთს ახლა დიდი დრო არ აქვს. უკრაინის ომის ფონზე, ის ცდილობს ევროკავშირს სხვა მრავალი თავსატეხი გაუჩინოს, მათ შორისაა მიგრანტების საკითხიც”, – ამბობს პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელი აგნიეშკა ლეგუცკა.
ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან, ახალი მარშრუტის შექმნასთან ერთად, ყველაზე მთავარი ის არის, თუ რა გზის გავლა მოუწევთ მიგრანტებს.
„ეს არ არის ისეთი სცენარი, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია. გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ვფიქრობ, საგანგაშოა ის ვითარება, თუ როგორ ექცევიან ბელარუსის საზღვარზე მომუშავე ადამიანები იმ მიგრანტებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ. არ ვიცი, პოლონეთის საზღვარზე როგორ მოექცევიან მიგრანტებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხალხი აგრესორ ქვეყანაში დააბრუნო”, – ამბობს ფონდის „ოცალეინეს“ წარმომადგენელი კალინა ჩვარნოგი.
პოლონეთი არა მხოლოდ კალინინგრადის გავლით მომავალი მიგრაციის ახალი ტალღისთვის ემზადება, არამედ უკრაინიდან მეტი ლტოლვილის მისაღებადაც. ამჯერად კი უკრაინელები ბომბებთან ერთად გაუსაძლის სიცივეს გაურბიან.