კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები ყველაზე მეტად სამხრეთ ნახევარსფეროს ღარიბ ქვეყნებში იგრძნობა.
როგორც ჩანს, COP27-ზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებმა მოუწოდონ მდიდარ ქვეყნებს, გადაიხადონ გარემოსთვის მიყენებული ზიანის საფასური.
თითოეულ მათგანს 5 წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა კონფერენციის მონაწილეებისათვის. მათ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ იმ ზიანის საფასური, რომელიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ღარიბ ქვეყნებზე ისახება.
კენიის პრეზიდენტი უილიამ რუტო ამბობს, რომ აფრიკა პასუხისმგებელია დაბინძურების 3%-ზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას იწვევს, თუმცა ის ყველაზე მეტად სწორედ აფრიკას აზარალებს. ამიტომ, მისი თქმით, სამართლიანი იქნება, თუ კონფერენციაზე ისეთ აუცილებელ ზომებს მიიღებენ, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება აფრიკის მოთხოვნები და ქვეყანაში შექმნილი გარემოებები.
ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაც სულ უფრო მეტად ზარალდება კლიმატის ცვლილებით, ინდუსტრიულ ქვეყნებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი განვითარებად ქვეყნებს არ უჭერენ მხარს.
მია ამორ მოტლიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები არ ეხმარებიან მათ, გადავიდნენ მოწინავე ტექნოლოგიებზე. ელექტრომანქანებზე, ბატერეებზე, მზის პანელებზე წვდომა შეზღუდულია და ამაში დამნაშავე, მისი თქმით, ის რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც აფინანსებენ სექტორს და მხოლოდ თავიანთი ქვეყნებისთვის აწარმოებენ პროდუქციას.
ამ საკითხების გათვალისწინებით, სამხრეთი ნახევარსფერო კვლავ დამოკიდებული რჩება ჩრდილოეთზე.
განვითარებულმა ქვეყნების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ 2020 წლიდან ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი გამოიყოფა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რათა დაეხმარონ მათ კლიმატის საკითხების მოგვარებაში, თუმცა, როგორც გაეროში აცხადებენ, ჯერჯერობით მხოლოდ 83 მილიარდი დოლარია შეგროვებული.