ე.წ. 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულ ჟურნალისტთა საჩივრებს ამიერიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.
საერთაშორისო სასამართლოს 16 დაზარალებული რეპორტიორის სახელით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულდა, რადგან ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობის გამომხატველი ჯგუფების მიერ, ლგბტქ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების ჩაშლა და მედიის წარმომადგენელთა დარბევა, ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული. საიას იურისტების განცხადებით, ევროპული კონვენციის 4 მუხლი დაირღვა – წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
„მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს”,- განაცხადა „საიას“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
დაზარალებული რეპორტიორები ამბობენ, რომ მათ ქართული სასამართლოსგან ზუსტად ის მოლოდინი ჰქონდათ, როგორი შედეგითაც დასრულდა დავა. ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ის ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად დაარბიეს, ამბობენ, რომ საქართველოში სამართალი ვერ იპოვეს. ახლა მათივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოსგან ელიან ჭეშმარიტების დადგენას.
“მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენს, როგორიც არის ის, რომ მაგალითად, 5 ივლისამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომლებმაც შემდგომ ეს ძალადობა წაახალისა, უშუალოდ 5 ივლისს პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომელიც სწორედ “მწვანე შუქი” იყო იმ სიძულვილის ჯგუფებისათვის. შემდგომ ხელისუფლებისვე გადაწყვეტილებით, არ გამოიყვანეს ადეკვატური რაოდენობით სამართალდამცველები, ანუ არ მოხდა ჩვენი ეფექტიანად დაცვა”, – განაცხადა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ლუკა ხაჩიძემ.
პოლიტიკოსები ოპოზიციიდან მიესალმებიან „საიას“ მიერ დაწყებულ დავას საერთაშორისო დონეზე და ამბობენ, რომ მომხდარში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან წახალისებული ძალადობით, სათანადოდ ვერც მოქალაქეების დაცვა უზრუნველყო და შემდგომ ვერც დამნაშავეთა დასჯა.
„დიახ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იყო წახალისებული ის უმძიმესი მოვლენა, რაც 5 ივლისს ვნახეთ. მოხდა ჟურნალისტების სასტიკი დარბევა, რაც არაერთი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა. პროკურატურამ და სასამართლომ კი ვერ უზრუნველყვეს ეფექტიანი გამოძიება და მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულება. მივესალმები „საიას“ ამ ნაბიჯს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
ხელისუფლებაში 10 წლით მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები მომხდარს გმობენ, თუმცა სამოქალაქო სექტორს კვლავ 7 ნოემბერსა და წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ახსენებენ.
„ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო ტრაგედია და ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს. რაც 5 ივლისს ვნახეთ, ეს იყო ცალკეული ჯგუფების ქმედება, რაც სამართალდამცველებმა, სახელმწიფომ თავიდან ვერ აირიდა. მაგრამ, შენ რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და მილიონები გაქვს მიღებული ამ წლების განმავლობაში, რატომ არ დაინტერესებულხარ 7 ნოემბრის და იმ ხელისუფლების დანაშაულებებით, სისასტიკით ადამიანების მიმართ. ერთხელ მაინც მიმართე სტრასბურგს? აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი და ამიტომაც არ სჯერათ ხალხს თქვენი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„საია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებში, ძალადობის წახალისებაში, პროკურატურას და სასამართლოს კი არასათანადო მართლმსაჯულების განხორციელებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ 3000 გვერდისა და არაერთი ფოტო-ვიდეო მასალისგან შედგენილი სარჩელის განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას, რაც მათი ვარაუდით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის, არც ისე სახარბიელო შედეგი იქნება.
ალეკო გვეტაძე