ლონდონის სააჩის გალერეა ახალ ფოტოგამოფენას მასპინძლობს. ეს გამოფენა ფერადკანიანთა შემოქმედების ზეიმია როგორც კადრში, ისე კადრს მიღმა.
გამოფენა, სახელწოდებით „ახალი შავი ავანგარდი: ფოტოგრაფია ხელოვნებასა და მოდას შორის“ ფერადკანიანთა პორტრეტებზე აკეთებს აქცენტს…სტილისტების, მოდელების, გრიმიორებისა და სამხატვრო ხელმძღვანელების პორტრეტების გამოფენა მიდგომის შეცვლას ცდილობს.
ცვლილების მაჯისცემა
“ეს გამოფენა იმ ფერადკანიანი დიზაინერების თანამედროვე ფოტოებს წარმოადგენს, რომლებიც მუშაობენ ლოს-ანჯელესში, ლონდონში, ლაგოსსა თუ ნიუ-იორკში,“ ამბობს გამოფენის კურატორი ანტუან სარჟენტი. „ფოტოხელოვანები ცდილობენ, საკუთარი ხედვა და ესთეტიკა წარმოაჩინონ. ისინი ასახავენ, თუ როგორ იცვლება ისტორია და კულტურა და, ჩემი აზრით, ავტორები კარგად გრძნობენ ცვლილებათა მაჯისცემას“.
სამხრეთაფრიკელი დიჯეის პორტრეტი 29 წლის ლონდონელმა ფოტოგრაფმა და კინორეჟისორმა მაჰანეელამ თავისი მეგობრის სამხრეთაფრიკელი დიჯეის პორტრეტი გამოფინა. დედამისი ინდოელია, მამა კი წარმოშობით განიდან არის.
“ამ ფოტოს ჰქვია „ოხრა“. იმედი მაქვს, რომ ის ხალხს სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებს“, – განმარტავს მაჰანეელა. „მე ვიღებ შავ და ყავისფერკანიან ადამიანებს, რომლებსაც ყვითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი აცვიათ – ოხრას სპექტრის ფერები. ჩემი ფოტოებიდან მინდა ხალისიანი განწყობა მოდიოდეს, რომ მან აჯობოს იმ განწყობას, რომელიც ფერადკანიანი ხალხის შესახებ არის გავრცელებული.“
„ჩვენ გვგონია, რომ ვერ გვამჩნევენ“
გამოფენაზე ბრიტანელი ხელოვანის კემპბელ ადის ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. მათ შორის არის პორტრეტიც, რომელიც ხელოვანმა მას შემდეგ შექმნა, რაც გაიგო, რომ 1700-იან წლებში მოღვაწე იგნატიუს სანჩო ატლანტის ოკეანეში მონების გემზე დაიბადა და საბოლოოდ ბრიტანელი გახდა.
“ეს იყო პირველი კაცი, რომელსაც ინგლისში ხმის მიცემისა და საკუთრების უფლება ჰქონდა. იგი იყო პოეტებისა და ხელოვანების ჯგუფის წევრი და ჰქონდა საკუთარი მაღაზია,“ – ამბობს კემპბელი. „ჰოდა, დავფიქრდი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ფერადკანიანებს მხოლოდ მონობასთან ვაიგივებდი, არადა, ეს კაცი სხვაგვარად ცხოვრობდა, ამიტომ მსურდა ისეთი ფოტო შემექნა, რომელიც ჩემს განწყობას გადმოსცემდა.“
“ჩემს ფოტოზე გამსოახულია დაუნინგ სტრიტის შენობის კარი. ის ასოცირდება პოლიტიკასთან, სახელმწიფო ინსტიტუტთან. ეს ნიღაბი კი აჩვენებს, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, როდესაც ვერ გვამჩნევენ.“
დისკუსიის წახალისება
15 ფერდაკანიანი ფოტოგრაფის ნამუშევრები სრულად არის გამოფენილი. გამოფენის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ეს ფოტოები ხელს შეუწყობს დისკუსიებს რასის, მშვენიერების, გენდერისა და ძალაუფლების არსის თაობაზე.
“უკიდურესად მნიშვნელოვანია ისეთი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ფერადკანიანთა თვითმყოფადობას,“ – აბობს ლაურა უჩელო, სააჩის გალერეის პარტნიორობის დირექტორი. „რადგან იგი გაჩვენებს, თუ რაში მდგომარეობს ფერადკანიანობის ცნება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ის ქმნის პლატფორმას ბრიტანელი ფოტოგრაფებისთვის.“
გამოფენა „ახალი შავი ავანგარდი: ფოტოგრაფია ხელოვნებასა და მოდას შორის“ ლონდონის სააჩის გალერეაში 22 იანვრამდე გაგრძელდება.
ავტორი: დამონ ემბლინგი