უკრაინის დედაქალაქის კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ზამთარში შესაძლოა, ელექტროენერგია მთელი ქალაქის მასშტაბით გაითიშოს.
ამის შესახებ კლიჩკომ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა სცენარს განიხილავს, რათა მომავალ ცივ ზამთარს გაუძლოს. გასული კვირების განმავლობაში, რუსული ძალები უკრაინის ინფრასტრუქტურას რაკეტებითა და დრონებით უტევდნენ.
რუსეთის მიზანია, ცივი ზამთრის წინ უკრაინელი თუ ევროპელი საზოგადოება შეაშინოს და ომის წინააღმდეგ განაწყოს.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვლენები ასე არ განვითარდეს. თუმცა უნდა ვიყოთ გულწრფელები. ჩვენი მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩეს… რომ ყველა დავიხოცოთ. ეს არის მათი ამოცანა. ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულები ვიქნებით სხვადასხვა სიტუაციისთვის. ჩვენი მზადყოფნა გადამწყვეტია”, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული იერიშების შედეგად, მილიონობით უკრაინელი, რამდენიმე საათით ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.
რუსული თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაახლოებით 40 პროცენტი ან დაზიანებულია ან განადგურებული.