ერთ თვეში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, ახალი სახალხო დამცველი კი ჯერ ისევ არ არის არჩეული.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა დაასრულა.
ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში განაცხადი 19 პირმა შეიტანა, მათგან სამმა – ჯემალ ნათელაშვილმა, ნიკოლოზ ნიკოლაძემ და გიორგი ცობეხიამ კანდიდატურები მოხსნეს.
საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია, თუმცა შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, გასაუბრების პროცესი არის შოუ, რადგან აშკარაა, რომ ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს ეძებს.
როგორც ცნობილია, კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები და დასკვნის პროექტი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, ყველა კანდიდატს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება.