მთავარიმსოფლიოდიდი შვიდეულის შეხვედრა მიუნსტერში

დიდი შვიდეულის შეხვედრა მიუნსტერში

მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების წარმომადგენლები მეორე დღეა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მიუნსტერში ხვდებიან ერთმანეთს.

განხილვის მთავარი თემები გახლავთ უკრაინაში რუსული ინტერვენცია, ტაივანის საკითხი და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს რომ ბრიუსელი ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერს.

დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მიუნსტერში მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დიპლომატთა განხილვის მთავარი თემები უკრაინაში რუსული ინტერვენცია, ტაივანის საკითხი და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებია.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება.

” აუცილებელია უკრაინელი ერის მხარდაჭერის გაგრძელება და ამავე დროს მსოფლიოს გარშემო ამ კონფლიქტის გამო გასაჭირში მყოფი სახელმწიფოების დახმარება. ვსაუბრობ იმ სახელმწიფოებზე, რომელთაც საკმარისი რაოდენობით საკვები არ მიეწოდებათ”,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ კი დიდი შვიდეულის ფორმატში მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

”დღეს შეხვედრა გაიმართება ისტორიულ დარბაზში, სწორედ იმ დარბაზში სადაც ვესტფალიის ზავს მოეწერა ხელი, ამ ხელშეკრულებით მსოფლიოს ისტორიაში პირველად მოხდა შეთანხმება საერთაშორისო წესრიგთან დაკავშირებით და ვხედავთ თუ როგორ არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს მოსკოვი. მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელია, აღმოსავლეთ ევროპაში კი მშვიდობაა აღსადგენი, აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა“, – მიიჩნევს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპა ირანის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერს.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანში მიმდინარე პროტესტს და ასევე ვაგრძელებთ უკრაინელი ერის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ თეირანს შეწყვიტოს მოსკოვისათვის შეიარაღების მიწოდება. თეირანში ამას უარყოფენ, მაგრამ უკრაინულმა მხარემ ბევრი მტკიცებულება წარმოადგინა”,- განაცხადა , ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.

დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მიუნსტერში ევროპის მასშტაბით ინფრასტრუქტურული მიმართულებით ინვესტიციებსაც განიხილავენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend