გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გეგმავს ჩასვლას. ამის პარალელურად ევროკავშირი ცდილობს, ენერგორესურსების თვალსაზრისით, პეკინზე დამოკიდებულება შეამციროს.
პეკინს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სისტემურ მოწინააღმდეგედაც და პარტნიორადაც განიხილავენ. ბელგიელი პოლიტიკოსი, სამუელ კოგოლატი, რომელსაც პეკინმა სანქციები დაუწესა, გერმანელი ლიდერის ვიზიტს ეჭვის თვალით უყურებს.
”უკრაინის მოვლენებმა თუ რამე გვასწავლა, გახლავთ ის, რომ „ძალა ერთობაშია“. როდესაც 27 სახელმწიფო ერთ პოლიტიკას ატარებს, თითოეული სახელმწიფო უფრო ძლიერდება. ბატონი შოლცის ვიზიტი ჩინეთში კი მხოლოდ გერმანულ ინტერესებს ემსახურება და ეს გულდასაწყვეტია”, – განაცხადა სამუელ კოგოლატმა.
ევროკომისიამ კი წევრი სახელმწიფოები გააფრთხილა, ჩინურ ინვესტიციებს დიდი სიფრთხილით მიუდგნენ.
ეს განცხადება, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაკეთდა, რაც პეკინმა ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთი პორტის წილი შეისყიდა.
ბერლინში ფიქრობენ, რომ ახლა პეკინსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გამოსწორების შესაფერისი დროა. მაგრამ გერმანელ კანცლერს ბრალს სდებენ, რომ ის ბერლინის ინტერესებს ბრიუსელის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
”ყველა ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს, ამ დროს კი პეკინთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება გაუგებრობას იწვევს, რადგან საქმე ერთიანი ევროპული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ეხება. საჭიროა, რომ სახელმწიფოთა ლიდერებს ამ თვალსაზრისით მკაფიო გზავნილები ჰქონდეთ”, – მიიჩნევს გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი ენდრიუ სმოლი.
სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს. შესაძლოა, ოლაფ შოლცის ვიზიტი სწორედ ამ მოვლენასაც უკავშირდებოდეს.
საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და უკრაინისა და ტაივანის საკითხების გათვალისწინებით, ვითარება კვლავ დაძაბულია.