მთავარისაქართველოკორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნა ევროკავშირისგან და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი

კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნა ევროკავშირისგან და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი

ევრორეკომენდაციების შესრულების საბაბით, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი პუნქტის შესასრულებლად, რომელიც ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების შექმნას ეხება, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში წერია, რომ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს  ანტიკორუფციული ბიურო ერქმევა. უწყების უფროსს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ეს ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში შესაძლო კორუფციულ ქმედებებთან საბრძოლველად, პრემიერ-მინისტრის მიერ დაკომპლექტებული ბიურო მიზანშეწონილია. მათივე თქმით, ქვეყანაში კორუფციასთან განსაკუთრებული ბრძოლის საჭიროება არ არსებობს და ეს უწყება ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებისთვის ფორმალურად იქმნება.

„ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის შევიმუშავეთ კანონპროექტი და ვქმნით ანტოკორუფციულ ბიუროს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს ასეთი გამოცდილება. არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ მოგვისმენია ჩვენი ოპონენტების მხრიდან და უბრალოდ ამბობენ, რომ, ის რაც ჯერ კიდევ არ არის შექმნილი, ცუდია და არ არის ეფექტიანი. ამ ბიუროს გარკვეულწილად მაკონტროლებელი ფუნქცია საკმარისია ამ მოთხოვნის შესასრულებლად“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა მოსთხოვა. უწყება, კი რომელმაც მთავრობის მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციული საქმიანობა უნდა შეისწავლოს და რომლის მმართველსაც პრემიერი ნიშნავს, დამოუკიდებელი ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ასევე ითხოვენ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები დაემატოს, რადგან ამის გარეშე, ეს უწყება მხოლოდ ფორმალური იქნება.

„გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესახებ შესრულებას სათანადოდ არ აპირებს და ასეთივე მიდგომა აქვს ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის შესახებაც. შეგახსენებთ, ევროკავშირმა მოგვთხოვა ისეთი უწყების შექმნა, რომელიც ხელისუფლების კონტროლისა და ჩარევისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. არა ისეთი ორგანოს შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი შეურჩევს მმართველს. ამიტომ, ეს უწყება ვერ იქნება დამოუკიდებელი, რაც შესაბამისად იქნება აღქმული ევროკავშირის მხრიდან და ეს რეკომენდაციაც ვერ შესრულდება. ასეთი ფორმალური მიდგომებით, სამწუხაროდ საქართველო ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

საგამოძიებო ფუნქციების გარეშე კორუფციასთან ბრძოლის ბიუროს შესაქმნელად პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ბიურო კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობა 6 წლის ვადით განისაზღვრება.

სავარაუდოდ, მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების შენიშვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს და კანონპროექტში განსაკუთრებული ცვლილებები არ შევა. რამდენად ჩათვლის ევროკავშირი ამ პუნქტს შესრულებულად, ამაზე შემფასებელი კომისია იმსჯელებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend