მთავარიგადაცემებისინემატიმ ბარტონს ლუმიერების კინოფესტივალზე როკის ვარსკვლავივით შეხვდნენ

ტიმ ბარტონს ლუმიერების კინოფესტივალზე როკის ვარსკვლავივით შეხვდნენ

ტიმ ბარტონი ლუმიერების მეთოთხმეტე კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია

წელს ტიმ ბარტონმა მიიღო ლუმიერების კინოფესტივალის პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ქალაქ ლიონში ყოველ წელს კინემატოგრაფიის გამოჩენილ ხელოვანებს ენიჭებათ.

ტიმ ბარტონი შეუერთდა ისეთი ბრწყინვალე რეჟისორების რიგს, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, პედრო ალმოდოვარი და გასული წლის გამარჯვებული ჯეინ კემპიონი.

ეს ნამდვილად დიდი წარმატება და ხალხის სიყვარულის დასტურია იმ ამერიკელი კინორეჟისორისთვის, რომელსაც არაერთი კინოშედევრი ეკუთვნის (ვები: მათ შორისაა  ფილმები „ბეტმენი“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ედვარდი ხელმაკრატელა“ და „შოკოლადის ქარხანა“. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა).

ბარტონს ლიონში ისე შეხვდნენ, როგორც როკის ვარსკვლავს, განსაკუთრებით ლუმიერების ინსტიტუტში  სტუმრობის დროს, სადაც ძმებმა ლუმიერებმა კინემატოგრაფის ისტორიაში პირველი ფილმი გადაიღეს.

 

ტიმ ბარტონი:

„მე უბრალო კაცი ვარ. როდესაც ფილმების გადაღება რვამილიმეტრიანი ფირის კამერით დავიწყე, სწორედ მაშინ შემიყვარდა ე.წ. თოჯინური ანიმაცია. მიყვარს ასეთი ხელოვნება, ეს პირველი ფილმების მსგავსია, ასე იღებდნენ, მაგალითად, მუნჯ კინოს – ეფექტებს ამატებდნენ და ეს  ჯადოსნობას ჰგავდა.  უკეთესი ადგილი რა უნდა იყოს, აქაურობა დიდებულია, აქამდე არასოდეს ვყოფილვარ აქ და ამ ადგილზე უბრალოდ საოცარ ენერგიას ვგრძნობ.“

წარმოუდგენელი ენერგია ტრიალებდა ტონი გარნიეს  ხალხით გადაჭედილ დარბაზში (Halle Tony-Garnier), რომელიც ტიმ ბარტონის საღამოზე მსოფლიოს ყველაზე დიდ დახურულ კინოდარბაზად იქცა, სადაც 5 ათასი კაცი დაეტია.

ფესტივალის ფარგლებში 500 კინოჩვენება და რამდენიმე მასტერკლასი გაიმართა. მათ შორის იყო მონიკა ბელუჩის მასტერკლასიც. მსახიობმა დიდხანს ისაუბრა საკუთარ კარიერასა და თავის ბოლო ფილმზე „გოგონა შადრევანში“, რომელიც კინოვარსკვლავს ანიტა ეკბერგს მიეძღვნა. ანიტას სახე ფედერიკო ფელინიმ უკვდავყო ფილმში „ტკბილი ცხოვრება.“

ამ ფილმის პრემიერა ლუმიერების კინოფესტივალზე შედგა. უკეთესი ადგილის შერჩევა ალბათ შეუძლებელიც იყო იმ ფილმისთვის, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფაქტი და გამონაგონი, წარსული და აწმყო.

მონიკა ბელუჩი, მსახიობი:

„ლიონის ფესტივალი მემკვიდრეობის ფესტივალია. შეგიძლია, უყურო ფილმებს, რომლეიც უამრავ საარქივო მასალას შეიცავს, ასევე ისტორიულ ფილმებს, აღდგენილ ფილმებს. ეს კი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომ კავშირი არ გაწყვიტონ წარსულთან, რომელიც ანიჭებდა და მომავალშიც მიანიჭებს კინოსა და ხელოვნებას ძალას…

ტიმ ბარტონი ძალიან მაგონებს ფელინის, რადგან იგი ძალიან ბევრს ხატავს. მისი ფილმები ოცნებისა და შინაგანი ზრდის საშუალებას გვაძლევს…“

ლუმიერების ფესტივალის ფარგლებში მრავალი რეტროსპექტივა გაიმართა, მათ შორის იყო ამერიკელი კინორეჟისორის ჯეიმს გრეის ფილმებიც. მან თავისი ბოლო ფილმი „არმაგედონის დროც“ წარმოადგინა.

ფილმს საფუძვლად უდევს ნახევრად ავტობიოგრაფიული ამბავი, რომელიც რეჟისორის ნიუ-იორკის უბანში, ქვინსში,  გატარებულ ბავშვობას ასახავს. ეს ის პერიოდია, როდესაც მას ანტისემიტიზმსა და სოციალურ უთანასწორობასთან მოუხდა შეჯახება.

ჯეიმს გრეი ის ხელოვანია, რომელიც, მიუხედავად დიდი სტუდიების დაჟინებული მოთხოვნისა, ახერხებს პირად ცხოვრებაზე ფილმების გადაღებას, რომლებიც ისევ მოთხოვნადია.

ჯეიმ გრეი, კინორეჟისორი:

„მომავალში შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო, რათა ისევ გადავიღოთ ისეთი ფილმები, რომლებიც ცოტათი ტაბუს არღვევს, მაგრამ მაინც გაქვს იმედი,  რომ აუდიტორია მიიღებს. ამას მე ოპტიმიზმით ვუყურებ, რადგან ვგრძნობ, რომ ყოველთვის რჩება რაღაც განსხვავებულის ადგილი.“

ლუმიერების მეთოთხმეტე კინოფესტივალი ტიმ ბარტონის ტრიუმფით დასრულდა. იგი ფეხზე ადგომითა და ოვაციებით გააცილეს. როდესაც ლიონს ტოვებდა, ბარტონს თვალები სიხარულით ჰქონდა სავსე.

ავტორი: ფრედერიკ  პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend