ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და მუშაობის თვალსაზრისით.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაგრძელდება ის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მოსამართლეების მუშაობას წაადგება. ეს კომენტარი კელი დეგნანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიის წარმომადგენლებმა მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადება გააცნეს.
დაახლოებით 1 კვირის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა ლევან მურუსიძემ გააკრიტიკა საქართველოს მოსამართლეების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი განცხადებით, საქართველოდან მოსამართლეები აშშ-ში ექსკურსიაზე დაჰყავთ, მხოლოდ შენობებს ათვალიერებენ და იქ რეალურად ვერაფერს სწავლობენ.
„ბოლო წლების განმავლობაში მე მქონდა პატივი, შევხვედროდი ყველა ინსტანციის სასამართლოს ბევრ მოსამართლეს, მათ შორის რეგიონებშიც. მე მოვისმინე თითოეული მათგანის აზრი აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის, სასწავლო ვიზიტებისა თუ იმ ტრენინგების შესახებ, რომლებსაც ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში ატარებენ, რათა აქ მოსამართლეებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება. ქართველი მოსამართლეები დაინტერესებულნი, რომ უფრო მეტი ასეთი შესაძლებლობა, მეტი სასწავლო ვიზიტი თუ ტრენინგი იყოს, რადგან მათთვის ძალიან ღირებულია, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსაზრებებს, გამოწვევებთან გამკლავების გზებს.
ჩვენი აზრით, ეს ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მოსამართლეებისთვის. ის ხელს უწყობს საქართველოს სასამართლო სისტემის მოდერნიზაციას და ეს არის ის, რასაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და მუშაობის თვალსაზრისით და ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ამ სამუშაოს გაგრძელებაა. ეს ევროკავშირისთვისაც პრიორიტეტულია და 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია. აშშ ამაყობს იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს, გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში ეფექტიანი მუშაობა, ჰქონდეთ კანონის აღსრულების უნარი და გაითვალისწინონ მათ წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები ზედმეტი ჩარევის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.