2019 წლის შემდეგ ისრაელში უკვე რიგით მეხუთე არჩევნები იმართება, კანდიდატები კი საზოგადოებისთვის კარგად არიან ცნობილნი.
ყოფილი პრემიერ – მინისტრი, ბენჯამინ ნეთანიაჰუ ამ ეტაპზე ოპოზიციის ლიდერია.
ნეთანიაჰუს ძალაუფლების დაბრუნებისა და მთავარი კონკურენტის, იაირ ლაპიდის დამარცხების იმედი აქვს.
“არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, ეს დიდი პრივილეგია გახლავთ, ეს ეხება, როგორც ჩემს მხარდამჭერებს ასევე ზოგადად ჩვენს მოქალაქეებს. ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ უფლის ნებით ბევრი ადამიანი გაიგებს ჩვენი გეგმების შესახებ და იმედი მაქვს, დღის მიწურულს გამარჯვება ჩვენი იქნება“, – მიმართა ამომრჩევლებს ბენჯამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელში ცხოვრება ძვირდება, პალესტინასთან ურთიერთობები დაძაბულია და ირანის ისლამური რესპუბლიკა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ განხილვის მთავარი საგანი საზოგადოებაში ყოფილი პრემიერ – მინისტრის გამარჯვების ალბათობაა. ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ასევე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
“არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ვინც ფიქრობს, რომ მის მონაწილეობას აზრი არ აქვს, ცდება. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს მიიღონ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, ეს თქვენი დემოკრატიული პასუხისმგებლობა გახლავთ“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.
2019 წლის შემდეგ ისრაელში რიგით მეხუთე არჩევნების ჩატარება საზოგადოების ნაწილში პოლიტიკოსებისა და სისტემის მიმართ მცირე უნდობლობა გააჩინა, მაგრამ ბევრს იმედი აქვს, რომ ამ არჩევნებით სახელმწიფოში პოლიტიკურ კრიზისს ბოლო მოეღება.