მთავარისაქართველორუსეთის მოქალაქეების კომპანიები საქართველოში

რუსეთის მოქალაქეების კომპანიები საქართველოში

ძველი თბილისის ერთ-ერთ შენობაში ორი რუსული ორგანიზაცია საქმიანობს. „ემიგრეიშენ ფორ ექშენ“ და „ფრეიმი“. აქ გვითხრეს, რომ „ემიგრეიშენ ფორ ექშენ“ ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც უკრაინელ ხალხს მედიკამენტებით ეხმარება. „ფრეიმი“ კი ორგანიზაციის დამფუძნებლის, მაქსიმ ივანცოვის თქმით, ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო განათლებაზეა ორიენტირებული. ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში სანქტ-პეტერბურგში საქმიანობდა. მაქსიმი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსულიყო და აქ გაეგრძელებინა საქმიანობა. ჩამოსვლის შემდეგ დაიწყეს ქართული ენის კურსიც, ასევე ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ცხოვრებისთვის საჭირო ინფორმაციას აცნობს.

„აქ იმიტომ აღმოვჩნდით, რომ რუსეთმა ომი დაიწყო. არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ჩემი და ჩემი გუნდის აზრით ფაშისტურ საქმეს ემსახურება და რომელიც თავს დაესხა სხვა ქვეყანას.

ბევრ ქვეყანას შორის ვირჩევდი, ჩეხეთს, გერმანიასა და ესტონეთს შორის, ესტონეთში ცხოვრობს ბებია, მაგრამ ჩემთვის საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ყოფნა მაქსიმალურად კომფორტულია და სადაც ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, რომლებიც აქ ასევე რუსეთიდან ჩამოვიდნენ და რომლებიც საუბრობენ შენს ენაზე.

ჩვენი ორგანიზაცია დარეგისტრირებულია, მაგრამ ჩვენ უკვე გვქონდა ათი წარუმატებელი მცდელობა ანგარიში გაგვეხსნა საქართველოში, ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა რუსებისთვის, რუსული ორგანიზაციებისთვის გახსნან ანგარიში. თავად რეგისტრაცია მომენტალურად ხდება“, – ამბობს მაქსიმ ივანცოვი.

თბილისში შეხვდებით არაერთ წიგნის მაღაზიასაც, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. ერთ-ერთი ასეთი მაღაზია „იტაკა ბუკსია“. მისი დამფუძნებელი, სტას გაივორონსკი ამბობს, რომ საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდა ოჯახთან ერთად. მაღაზია კი ერთი წლის წინ გახსნა.

„ერთი წლის წინ ხილვა მქონდა, დავინახე, რომ ჩემ ყველა „ექსპატ“ მეგობარს ძალიან არ ჰყოფნით წიგნები. საქმე ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი აკრძალოს, მაგრამ წიგნებამდე ჯერ არ მისულან, წიგნებს ჯერჯერობით არ კრძალავენ, არ აინტერესებთ, და ყველა გამომცემელი ბეჭდავს იმას, რაც სურთ.

ბევრი წიგნი ომზე გამოდის, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით, არამედ გადატანითი მნიშვნელობით.  მოკლედ, მქონდა ეს ხილვა, გავყევი მას და გავხსენი წიგნის მაღაზია.

პირველად საქართველოში 2017 წელს ვიყავი, ჩამოვედი თბილისში, სამი საათით გავისეირნე აქ და მივხვდი, რომ მოსკოვი აღარ მიყვარს, მე მიყვარს თბილისი, თბილისში მინდა ცხოვრება“, – ამბობს სტას გაივარონსკი

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშს საქართველოში რუსული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. მათი ინფორმაციით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველში ათი ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა. რუსეთის მოქალაქეს კომპანიის დასარეგისტრირებლად, მხოლოდ პასპორტი და იურიდიული მისამართი სჭირდება.

„თუ არ გაქვს იურიდიული მისამართი და არ ცხოვრობ, ნებისმიერი მისამართი სადაც მესაკუთრე დაგთანხმდება, რომ მის მისამართზე კომპანია დაარეგისტრირო. ამასაც მარტივად ახერხებენ, ქართველებს უხდიან ფულს, შეიძლება ას ლარამდე, და უწერენ ხელს რომ თანახმა არიან მათ მისამართზე კომპანია დაარეგისტრიროს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ინდმეწარმედ რეგისტრირდება. მისი თქმით, რეგისტრირებული კომპანიებიდან ყველა არ იწყებს საქმიანობას. ეს რუსეთის მოქალაქეებს იმისთვის სჭირდებათ, რომ ბინადრობის უფლება უფრო მარტივად მიიღონ.

„ჩვენ გვქონდა წინა კვლევაში, რომ ასობით კომპანია ერთ მისამართზე, მათ შორის არის სოფლები, სადაც სამასი-ოთხასი რუსული კომპანია გაიხსნა რამოდენიმე თვეში. ფორმალურად სჭირდებათ რეგისტრაციის დროს, ძირითადად საქმიანობა თავმოყრილია თბილისში ან ბათუმში. რასაც ვაკვირდებით, ძირითადად, მომსახურების სექტორში შემოვიდა მოქალაქეები, უფრო მცირე ბიზნესებით, მსხვილი ბიზნესის  შემოსვლა არ ჩანს“. – ამბობს ბესო ნამჩავაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის თანახმად წინა წელთან შედარებით რუსული კომპანიების რეგისტრაცია საქართველოში შვიდჯერ არის გაზრდილი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კომპანიის რეგისტრაციის ახალი ფორმატია შესამუშავებელი.

გიორგი ბოლქვაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend