უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატად და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ჩეხეთში ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის“. მათ 24 თებერვლიდან უკრაინის მხარდამჭერი არაერთი აქცია გამართეს. მასობრივი გამოსვლები იმართებოდა ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბისის წინააღმდეგ.
დემონსტრანტების აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, რადგან იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთის აგრესია შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ვიდეოჩართვით მიმართა და მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ ახლა მისი ქვეყანა “ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტშია, თუმცა დარწმუნებულია, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს და აგრესია მალე დასრულდება“.
უკრაინის პირველ ლედის ჩეხები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
პრაღაში გამართულმა აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, უკრაინის მხარდამჭერი აქციები კვლავ გაგრძელდება.