მთავარი საქართველო ეკონომიკური ზრდა ფურცელზე და რეალობაში

ეკონომიკური ზრდა ფურცელზე და რეალობაში

საქართველო, რომ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკურად იზრდება, ეს ხშირად გვესმის მთავრობის ბოლოდროინდელი სხდომებიდან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიცია არც ოქტომბრის თვის ბოლო თათბირზე დაარღვია და კვლავ გაუსვა ხაზი ხელისუფლების წარმატებებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. მისი განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი ორნიშნა იქნება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა მთელ ევროპაში უპრეცედენტოა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების და დაძაბულობის ფონზე, ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის 10.2%. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. გაზრდილია ექსპორტი. ექსპორტი გაიზარდა 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37.4 % შეადგინა, მიღებული შემოსავალი კი 4 მილიარდი აშშ დოლარია. ასევ მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის ზრდა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ შევადარებთ 2019 წელს – 97.5 %-ით არის ტურიზმი აღდგენილი და აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი. არ მინდა პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ. ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას წლის ბოლოს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერთან ერთად, იგივე დროს, ეკონომიკური ზრდით დაიწყო ბრიფინგი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმაც. გოგიტა თოდრაძემ თქვა, რომ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკის საშუალო ზრდამ 10,2% შეადგინა. მან დარგებიც ჩამოთვალა და თქვა, რომ ყველაზე წარმატებული დარგები წარუმატებელს ბევრად აჭარბებს რაოდენობით.

„წინასწარი შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა. 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ვინ გრძნობს ეკონომიკური ზრდის ეფექტს და რას ნიშნავს ეს რიგითი მოქალაქისთვის გაზრდილი ინფლაციის ფონზე. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ გასაღები მაღალი ინფლაციის ფონზე, ხელფასების ზრდას შორის არსებულ ნაშთში უნდა ვეძებოთ. ეკონომისტებისთვის მარტივი და მოქალაქეებისთვის ეს რთული ბუღალტერია იმას ნიშნავს, რომ დასადგენია, ქვეყანაში ინფლაცია უფროა საგრძნობი თუ მცირედით შემოსავლის ზრდა.

„ამისთვის საჭიროა დეტალური ანალიზი, რომელიც დაადგენს, მცირედით გაზრდილი ხელფასებისა და ასევე მომატებული ინფლაციის ფონზე, საგრძნობია თუ არა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა. ინდივიდუალურად, შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს საგრძნობი, ან ვინმესთვის არა. თუმცა, ერთი შეხედვით, რაც ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, არის შემდეგი – მოსახლეობა რა თქმა უნდა იგრძნობს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ არასაკმარისად. რეალურად რომ იგრძნოს, შემოსავლების მატება უნდა აჭარბებდეს ინფლაციის გავლენით არსებულ დანაკლისს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ინდივიდუალური. ჩვენთან რეალური ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე ხელფასის რეალური ზრდა. თუმცა, ვიმეორებ, საჭიროა დამატებითი კვლევა“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ეკონომისტები ასევე ამბობენ, რომ ყველა მიმართულების დარგის ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ გაიზრდება, მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება. საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ წარმატებას ძირითადად, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისგან ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებს. მეორე ფაქტორი კი, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე არსებულ დროებით შემოსულებს თუ არ ჩავთვლით, ბოლო წლებია მხოლოდ იკლებს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04

Send this to a friend