რამდენად შესაძლებელია, რომ პაციენტის აზრი მკურნალობის პროცესში აუცილებლად გაითვალისწინონ? დანიაში ეს მიდგომა უკვე დაინერგა. “ევრონიუსმა“ ამ სიახლის დეტალები გაარკვია.
57 წლის დელგაარდ კრისტენსენი დანიელი პენსიონერია. მან მუშაობა ნაწლავების სერიოზული პათოლოგიის გამო შეწყვიტა და იძულებულია, რეგულარულად იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ე.წ. პაციენტის კითხვარის წყალობით, მას საშუალება აქვს, თავად მიაწოდოს საავადმყოფოს ინფორმაცია თავისი დაავადების მიმდინარეობის შესახებ. ამ გზით თავადაც მეტს იგებს, რა მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ და ექიმთან დაგეგმილი კონსულტაციის ხარისიხც უმჯობესდება.
ჰანე თვლის, რომ „ეს ძალიან სასარგებლო კითხვარია, რადგან, როდესაც ჩემს ექიმთან მივდივარ, ხშირად მავიწყდება რაღაცის თქმა. მაგრამ ახლა ექიმთან კონსულტაციამდე კითხვარს ვავსებ. ამგვარად, მეტი დრო გაქვს, ყველაფერი კარგად მოიფიქრო და ექიმსაც უამრავ ისეთ კითხვაზე აქვს პასუხი, რომლებსაც მუდმივად გისვამს.“
მოდით, უკეთ ჩავიხედოთ პაციენტის კითხვარში. თავდაპირველად ეს ანკეტა ონკოლოგიიის მიმართულებით დანერგეს და შემდეგ ეს ინიცატივა სხვა სამედიცინო განყოფილებებმაც აითვისეს, რათა ინფორმაცია უშუალოდ პაციენტისგან მიეღოთ.
ეს ონლაინანკეტა შედგება კითხვებისაგან, რომლებიც ეხება დაავადების სიმპტომებს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ საქმიანობას.
კითხვარის მთავრი უპირატესობა ის არის, რომ იზოგება დრო, ჩართულია პაციენტი, უკეთ ხდება მასზე თერაპიული კურსის მორგება და უფრო ხარისიხანი ინფრომაცია გროვდება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
დანიაში ორჰუსის Aarhus უნივერსიტეტში მოქმედი ეს ონლაინმომსახურება ძირითადად ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენება, როდესაც პაციენტს რეგულარულად სჭირდება მკურნალობა და კონსულტაცია. პაციენტის მიერ გამოთქმული აზრი ძალიან სასარგებლოა იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეფასდეს.
ორჰუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი მეტე ჯულსგაარდი თვლის, რომ„პაციენტის კითხვარი შესანიშნავი საშუალებაა, რათა გავიგოთ პაციენტის სიმპტომები მანამ, სანამ ის კლინიკაში სამკურნალო პროცედურისთვის მოვა. პაციენტის მოსვლის დროს ჩვენ უკვე უამრავ რამეზე გვაქვს პასუხი და უკვე ვიცით, თუ რაზე აჯობებს ყურადღების გამახვილება, მაგალითად, მივხედოთ ქრონიკული ნაწლავური დაავადების რომელიმე სიმპტომს თუ შევცვალოთ მკურნალობის კურსი.“
ევროპის ჯანდაცვის ერთიანი სივრცის ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს ამ სამედიცინო მიდგომის გავრცელებას სხვა ქვეყნებშიც, რადგან ის ემყარება სრულფასოვანი ინფორმაციის შეგროვებასა და გაზიარებას. შემოსული ინფორმაციის პირველადი სკრინინგის დროს ხელოვნური ინტეელქტი გამოიყენება, რაც სამედიცინო პერსონალს უადვილებს შეფასების გაკეთებას.
ორჰუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მომსახურების ხარისხისა და პაციენტის ჩართულობის მაკონტროლებელი ოფისის დირექტორი
ლისბეტ კალესტრაპი განმარტავს:
„ამ კითხვარებს ალგორითმი ამუშავებს, რათა დავინახოთ, რამდენად კარგადაა პაციენტი და ხომ არ არის საჭირო მასთან გასაუბრება ან მისი ნახვა. ზოგიერთის შედეგს, მაგალითად, ყვითელს ვუწოდებთ, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, საჭირო იყოს სატელეფონო გასაუბრება პაციენტთან. ზოგჯერ შედეგი წითლდება, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია პაციენტის ნახვა.“
პაციენტის კითხვარი ეფექტური საშუალებაა იმისთვისაც, რომ თვალყური ადევნონ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში გეგმიურ კონსულტაციამდე ბევრად ადრე მიიღონ ზომები.
„ეს ანკეტები გვეხმარება, გავიგოთ, რომელი პაციენტის ნახვაა უპრიანი. ასე დროც იზოგება, რადგან ინფორმაციის დამუშავების შედეგად ვარჩევთ ისეთ პაციენტებს, რომლებიც მართლა ცუდად არიან და მათ ვუთმობთ დროს და არა ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს, რომელიც შესაძლოა მოცემულ მომენტში მშვენივრად იყოს,“ – ამბობს ლისბეტ კალესტრაპი.
იმ დროს, როდესაც სამედიცინო ინფორმაციის გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანდაცვის სისტემებისთვის, პაციენტები ბევრად უკეთ არიან ჩართული სამედიცინო სექტორის საქმიანობაში, რითაც ეხმარებიან ამ ინდუსტრიას, შექმნან პაციენტზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება.
ავტორი: კლაუდიო როსმინო