მთავარიგადაცემებიპრიზმამეომართა მხარდაჭერა გრძელდება

მეომართა მხარდაჭერა გრძელდება

საქართველოში, ახალი თაობის წარმომადგენლებისათვის სიტყვა ვეტერანი კარგა ხანია, აღარ  გულისხმობს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველები ხან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ხან კი საერთაშორისო შენაერთებში იბრძვიან, მშვიდობისთვის. ბევრმა ქართველმა მებრძოლმა შესწირა ამ ბრძოლებს სიცოცხლე, ზოგი კი მძიმედ დაშავდა.

ამ ხალხის გასახსენებლად და მათდამი პატივისცემის გამოსახატად შეიკრიბნენ 17 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა. ღონისძიება სამსახურის დირექტორმა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გახსნა. ჩვენთან საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გმირებს არ ივიწყებდეს.

სწორედ ვეტერანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის შეიქმნა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც 2018 წელს დააფუძნა კომპანია „სილქნეტმა“. ფონდმა დღემდე ასობით დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინა დახმარება.

„ეს არის დღე, უშალოდ ფიქრის, განცდის, მოგონებების. იმედის და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ჩვენ ძალიან ეფექტურად ვთანამშრომლობთ, 100 ვეტერანი დაუბრუნდა სიცოცხლეს, ოჯახს და უიმედობა იმედით შეიცვალა. სადღაც 700 000-მდე მარტო ამ დაჭრილ დაშავებულთა ფონდის შემადგენლობიდან და დაფინანსებიდან იყო უზრუნველყოფილი ჩვენი დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის გამოკეთება. მადლიერების მეტი არ მეთქმის არაფერი… ალბათ ბევრმა უნდა გავიხადოთ სამაგალითოდ ამ ახალგაზრდა კაცების ეს შემართება და ინიციატივა“, — აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

კომპანია “სილქნეტი” ფონდში ამ საქმიანობისთვის ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. ამას ემატება შემოწირულობები ბიზნეს სექტორისა და კერძო პირებისგან.

თავის მხრივ, ფონდთან ერთობლივ თანადაფინანსებას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო და ვეტერანების სამსახური.

მთავრობის მხრიდან ამ თანადაფინანსების წილი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. ამ გზით, 2018 წლიდან დღემდე ფონდმა, შემოწირულობების, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების სამსახურის თანადაფინანსებებით, დაჭრილი ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების დახმარებისათვის 2,182,751 ლარამდე გაიღო.

ფონდის შემომწირველთა სია ყოველ წელს იზრდება კომპანიებისა და ინდივიდუალური პირების ჩართულობით. ერთობლივი ძალისხმევით ფონდმა წელს უკვე 35 ვეტერანი და სამხედრო მოსამსახურე დააფინანსა, სულ ამ დახმარებამ  იანვრიდან დღემდე 300 766 ლარი შეადგინა. აქედან 180 000-ზე მეტი საზღვარგარეთ მკურნალობაზე დაიხარჯა.

სამომავლოდ კიდევ მრავალი რამ იგეგმება. ფონდი აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და 2022 წლის ბოლომდე გეგმავს, კიდევ უფრო მეტი თანხა მოახმაროს დაჭრილი ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს.

ლევან ბლუიშვილი აფხაზეთის ომის ვეტერანია, ის ქართული დესანტის მონაწილე იყო, 1992 წლის 30 აგვისტოს კი მძიმედ დაიჭრა დაბა კოლხიდასთან.

“საქართველოში გაჭირვებული ცხოვრებაა და, თუ არავინ ედგა ვეტერანს გვერდით, გამორიცხულია რამე გააკეთოს ვეტერანმა. ფონდი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ როლს თამაშობდა, ფინანსური დახმარება რომ არ მქონოდა ფონდისგან, მე ვერც თურქეთში წავიდოდი და ვერც ვერაფერს გავაკეთებდი. ახლაც, ბოლოს, 5 ივლისს ჩამოვედი თურქეთიდან. თურქეთიდან რომ ჩამოვედი, რამდენჯერაც შევიტანე განცხადება, არანაირი პრობლემა არ შემქმნია ფონდიდან. მაფინანსებდნენ, მივდიოდი თურქეთში, ვიკეთებდი ოპერაციებს, გავდიოდი სამედიცინო გამოკვლევებს, ვიტარებდი ყველანაირ სამედიცინო გამოკვლევებს რაც მესაჭიროებოდა. თუ ამას მივაქცევთ ყურადღებას, რომ ვეტერანებმა ჩვენი დიდება დავიბრუნოთ, ჩვენ ვართ ის ხალხი… მე, შეიძლება ერთი კიდური მაკლია, მაგრამ ყოველთვის მითქვამს და ვიტყვი, ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც კვლავაც დავდგებით სამშობლოს სადარაჯოზე”, — ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი ლევან ბლუიშვილი.

17 ოქტომბერს ღონისძიება გაიმართა ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალშიც. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის დაფინანსებით, ჰოსპიტალს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დანადგარი გადაეცა.

“უპირველესად, მინდა მივულოცო ეს დღე ჰოსპიტლის ხელმძღვანელს, ვეტერანთა სამსახურის დირექტორსა და ყველა ვეტერანს. არაფერია ქვეყნისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე უფრო ღირებული. ყველა ქართველი ვეტერანი ამაყი უნდა იყოს. დღეს წარვადგენთ იმ დონაციას, რომელიც შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ და საქართველოში ამერიკის საელჩომ გაიღო ვეტერანთა ჰოსპიტლისთვის. ეს დახმარება არის გამოვლინება იმ ძლიერი თანამშრომლობისა, რომელიც გვაკავშირებს საქართველოსა და ქართველ ხალხთან”, — აცხადებს აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო.

დანადგარის გამოსაყენებლად კლინიკას დამატებით, საკონტრასტო ნივთიერების შესაყვანი ინჟექტორიც სჭირდებოდა, რომლის ფასიც 40 ათას დოლარს აღწევს. ამ დანადგარის შესაძენად, ღირებულების ნახევარი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა გაიღო.

“აღნიშნული აპარატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს არაერთ ვეტერანს გავუწიოთ სამედიცინო დახმარება და მოვახდინოთ დროული დიაგნოსტიკა. აღჭურვილობა ამერიკულმა მხარემ გადმოგვცა. ხოლო თანმხლები დანადგარი, რომელიც საკონტრასტო ნივთიერების შემყვან ინჟექტორს წარმოადგენს, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა შეიძინა. აუცილებელი აღჭურვილობა იყო ეს ჩვენთვის, რომლის გარეშეც ტომოგრაფის ფუნქციონირება ვერ იქნებოდა სრულად უზრუნველყოფილი. დღეისათვის დაჭრილ მებრძოლთა ფონდის დახმარებით გვაქვს სრული პაკეტი, რათა ბენეფიციარებსა და პაციენტებს, ის სერვისი მივაწოდოთ, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, — განაცხადა ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა ამურ რევიშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ ფონდის საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილების დახმარებასაც ითვალისწინებს. ამ საქმისათვის ფონდმა წელს თითქმის 50 000 ლარი გაიღო.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი ვეტერანებისა და სამხედროების მენტალურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. მათთვის ტარდება სპორტული შეჯიბრებები და კულტურული ღონისძიებები.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს აფხაზეთის ომის ვეტერანი შიო კობიძეც, ფონდი მასაც დაეხმარა მკურნალობისთვის საჭირო სახსრებით. ის კისერში და თავის არეში იყო მძიმედ დაჭრილი.

“ფსიქოლოგიური, მორალური რეაბილიტაცია, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია… ნელ-ნელა უფრო იძაბება და უმძიმდება სულიერი მდგომარეობა ჩვეულებრივ ომის ვეტერანს, რომელიც თავისი ალალი გულით წავიდა, იომა…”, — ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი შიო კობიძე.

17 ოქტომბერს “სილქნეტმა” ვეტერანის დღესთან დაკავშირებით მობილურის ქსელის აბონენტებს საქველმოქმედო აქციაც შესთავაზა. ამ დღეს მობილური ინტერნეტისა და სასაუბრო დროის პაკეტის, „სილქფესტის“ გააქტიურებით შემოსული თანხები მთლიანად „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ გადაირიცხა.

შემოწირულობის მსურველებისთვის ფუნქციონირებს ფონდის სპეციალური საქველმოქმედო ნომერი – 0 901 777 771. თითო განხორციელებული ზარიდან შემოსული ერთი ლარი ფონდის ანგარიშზე ირიცხება.

ფონდის შემომწირველი კომპანიებისა და კერძო პირების რაოდენობა კი ყოველ წელს მატულობს…. ფონდში გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამაც გაიღო მნიშვნელოვანი შემოწირულობა, ხოლო მის მმართველობაში მრჩეველთა საბჭოს სახით ამერიკელი ექსპერტები გაწევრიანდნენ ვეტერანების მხარდაჭერის საქმეში.

ფონდის მიზანიც ეს არის, საზოგადოებამდე მიიტანოს ვეტერანებისა და სამხედროების ამბავი. და მისცეს ყველა მსურველს შესაძლებლობა, თუნდაც მცირედით, ჩაერთოს ამ საერთო, საქველმოქმედო საქმის კეთებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend