საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომისტებმა შეისწავლეს და დადებითი და ნეგატიური მიგნებები გამოავლინეს. კვლევა სახელწოდებით – „2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) აწარმოა. პრეზენტაციაზე თქვეს, რომ ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა გაცილებით უკეთ შეეძლო მთავრობას. მთავარ გამოწვევებად შემდეგი სახელდება:
- ფინანსური რესურსების არაპროდუქტიული გადანაწილება;
- ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯები;
- სოციალური გასაცემლების ზრდის ბუნდოვანება;
- განათლების სექტორში დაფინანსების არამიზნობრივი განსაზღვრა;
- გადასახადების დიდი ზღვარი;
“2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი გამოწვევაა თუ როგორ გადანაწილდეს რესურსები არაპროდუქტიული დარგებიდან პროდუქტიულ დარგებში, მთავრობის მზარდი ადმინისტრაციული ზომისა და ხარჯების ფონზე. საჯარო სექტორში 352 000 ადამიანია დასაქმებული. ბევრი საშტატო ერთეული ზედმეტია, რაც ბიუჯეტზე დაწოლას ზრდის. ეს თანხები შესაძლოა მიმართული იყოს სხვადასხვა საჭირო პროექტებში. პრობლემების სწორად შერჩევა და მისი მოგვარებისკენ მიმართვა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამ პროექტში. ხარჯვითი ნაწილი არ არის შედეგზე ორიენტირებული არც განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებებითაც. წინ გადადგმულია ნაწილია 2023 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და 60%-იანი საგარეო სახელმწიფო ვალის 38,8%-ზე დაწევა“, – განაცხადა IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ.
პრეზენტაციაზე დამსწრე ეკონომისტებიც მიიჩნევენ, რომ მთავრობის მზარდი ხარჯები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის მხრივ, უარყოფითი დაწოლაა ბიუჯეტზე. სპეციალისტები პრობლემას არა ხელფასის ზრდაში, არამედ არასაჭირო რაოდენობის საჯარო მოხელეების არსებობაში ხედავენ. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სოციალური დახმარებების ზრდის საკითხზეც. მათი თქმით, სახელმწიფოს ჯერ პრობლემები არ აქვს შესაბამისად იდენტიფიცირებული და ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. დადებითად, საგარეო ვალის დონისა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას აფასებენ.
„კარგი იქნება თუ 2024 წლის ბიუჯეტის დაგგემვის დროს მაინც მთავრობა გაითვალისწინებს ხარჯვის სწორად მიზნობრიობას. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ბევრი ისეთი ხარჯჰჯია გათვალისწინებული, რომელიც შედეგზე არაა ორიენტირებული. უბრალოდ ეს მოძველებული საბჭოური მიდგომა – არის ფული და მოდი დავხარჯოთ, არ მოქმედებს დადებითად ქვეყნის ეკონომიკურად წინსვლაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ არ გაიზარდოს ხელფასები საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის, უბრალოდ ეს დასაქმებულები ხელფასების ზრდის პარალელურად, უნდა იყვნენ პროდუქტიულები. ბევრი ისეთი სახელმწიფო სიპ და ააიპ ორგანიზაციაა, სადაც დასაქმებულია პარტიული აქტივები და ისინი რეალურად საქმეს არ აკეთებენ. აი, ასეთი ხარჯები აწევს ბიუჯეტს პრობლემად. დადებითია ის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი უმნიშნელოდ, მაგრამ მცირდება. ვფიქრობ, რომ მეტადაც შეიძლებოდა“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავიძე.
მიგნებების გარდა, IDFI-ის პრეზენტაციაზე, მთავრობისთვის გაცემულ რეკომენდაციებზეც იყო საუბარი. სპეციალისტები ეკონომიკურ გუნდს ურჩევენ კარგად შეისწავლონ ქვეყანაში არსებული რეალური საჭიროებები და ამის მიხედვით დახარჯონ ფული ბიუჯეტიდან. ფინანსთა სამინისტროს კი მიეცეს მეტი თავისუფლება ფისკალური რისკების თავიდან ასაცილებლად, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელია.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. შევა თუ არა დოკუმენტში სასარგებლო ცვლილებები ეს ჯერ უცნობია. მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
ალეკო გვეტაძე