რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთის დომინირება მალე დასრულდება. საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ომსა და მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„დასასრულს უახლოვდება დასავლეთის დომინირების პერიოდი. უნიპოლარული სამყარო წარსულს ჩაბარდება. ახლა მსოფლიო ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წინ ალბათ ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი და ამავე დროს მნიშვნელოვანი ათწლეული გველის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინი, რომლის არმიაც რვა თვის წინ უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთს ბინძურ თამაშში ადანაშაულებს.
„ვხედავთ, თუ როგორ ნადგურდება პანევროპული გაზსადენები. ეს საშინელებაა, ჩვენ ამ სამწუხარო მოვლენების მომსწრენი ვართ. ძალაუფლება მთელ მსოფლიოში ისეა გადანაწილებული, როგორც ეს ე.წ. დასავლეთს სურს. მაგრამ მათი ეს თამაში, რა თქმა უნდა, საშიში, სისხლიანი და ბინძურია”, – მიიჩნევს პუტინი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, პუტინის გამოსვლა ფროიდისტული იყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი, და ამ შემთხვევაში პუტინი, თავის დანაშაულს სხვას აბრალებს. თუმცა მრჩეველის თქმით, ის ერთ რამეში იყო მართალი: “ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის“.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.
„ეროვნული თავდაცვის სტრატეგია რუსეთს მწვავე საფრთხედ მიიჩნევს. ჩვენ სიტყვა “მწვავე” სიფრთხილით შევარჩიეთ. ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეუძლია შეერთებულ შტატებს მუდმივად დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ოსტინმა დაადასტურა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის საშიშროება არსებობს. მისი განცხადებით, ბირთვული შეტევის შემთხვევაში, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებს.