ირანში, ქალაქ მაჰაბადში საპროტესტო აქციაზე ასობით ახალგაზრდა გამოვიდა. ისინი ამჯერად უსაფრთხოების ძალების მიერ ქურთი კაცის მკვლელობას აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციები ირანის სხვა ქალაქებშიც მოეწყო. გაერო მაჰსა ამინის გარდაცვალებასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი ირანში ადამიანის უფლებების საკითხებში ჯავაიდ რეჰმანი აქციებზე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სხვა გოგონებსა და ქალებზე, მათ შორის ბავშვებზეც, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების სისასტიკის გამო დაიღუპნენ. 16 სექტემბრიდან, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, 250 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 27 ბავშვია”, – ჯავაიდ რეჰმანი.
ირანის ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციების ჩახშობით კანონსა და წესრიგს იცავს. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები მეჩეთზე მომხდარ თავდასხმასაც კი დაუკავშირა. თავდასხმის შედეგად 15 მომლოცველი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.