უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან თავი შეეკავებინა, „დისკრიმინაციულს“ უწოდებს.
როგორც მან უნგრეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ვერც მორალურად იქნება გამართლებული. უნგრეთის პრემიერის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ეს იყო ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საქართველოს სულისკვეთება და სურვილი. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ვიტყოდი, დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლოდვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერც მორალურად იქნება გამართლებული. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბოლო წლებია ძალიან ბევრს მუშაობს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულო იყო- ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ?! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.