დღეს ამინდის პროგნოზის შესატყობად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს – ამინდის პროგნოზი არის ტელევიზიის ეკრანებზე, ინტერნეტსაიტებსა თუ მობილურ აპლიკაციებზე. რაც დრო გადის, ამინდის პროგნოზი სულ უფრო ხელმისაწვდომი გახდა და რაც მთავარია, სულ უფრო ზუსტი. დღეს, სხვადასხვა მობილური აპლიკაციის საშუალებით, მარტივად ვიგებთ თუ როგორი ამინდი იქნება დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
ალბათ ბევრმა იცის და ბევრსაც აინტერესებს როგორ არის შესაძლებელი ამინდის წინასწარ ამოცნობა, ანუ, როგორ კეთდება ამინდის პროგნოზი.
ამინდის პროგნოზისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ატმოსფერო, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი სითხეა და შედგება გაზის, წყლის ორთქლის, ყინულის თუ სხვა პაწაწინა ნაწილაკების ნაზავისგან. ატმოსფერო ფიზიკის კანონებს ემორჩილება და სწორედ ფიზიკის კანონების გათვალისწინებით მარტივად არის შესაძლებელი ატმოსფეროს მდგომარეობისა და მოსალოდნელი ცვლილებების წინასწარ განჭვრეტა. ხოლო იმისათვის, რომ განისაზღვროს რა მდგომარეობაში იქნება ატმოსფერო ერთ საათში, ორ დღესა თუ ერთ კვირაში, აუცილებელია იმის ცოდნა თუ რა მდგომარეობაშია იგი მოცემულ მომენტში. სწორედ ამისათვის კეთდება ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების სქემური მოდელირება. მომავლის პროგნოზირებისთვის კი მათემატიკურ განტოლებებს იყენებენ, რომლებშიც ატმოსფეროს მონაცემთა ცვლილებებს ასახავენ. პროგნოზიც, სწორედ ამ განტოლებების ამოხსნის მიხედვით ხერხდება.
„ამინდის პროგნოზი კეთდება ატმოსფეროს მოცემული მდგომარეობისა და მიმდინარე პროცესების თაობაზე შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებით.“
ატმოსფეროს სქემური მოდელირება
ატმოსფეროს სქემური მოდელირებისთვის, დედამიწის გარშემო წარმოსახვითი ბადე კეთდება, რომელიც ატმოსფეროს სხვადასხვა წერტილის მონაცემებით ივსება. ეს წარმოსახვითი ბედე, აგებულია შემდეგი პრინციპით: დედამიწის ზედაპირიდან, სხვადასხვა სიმაღლის ვერტიკალურად დაყოფილი ფენებისა და დედამიწის გრძედისა და განედის მიმართულებით გავლებული წირების კვეთის მეშვეობით. ამ ცხრილის მიხედვით ატმოსფერო ფენებად იყოფა.
მძლავრი ამინდის პროგნოზის დღეს არსებული ზოგიერთი მოდელი, ატმოსფეროს ვერტიკალურად 200 მდე ფენად, ხოლო მის გრძივ მანძილს ერთი კილომეტრის ან ნაკლები სიგრძის მონაკვეთებად ყოფს. ცხრილის ყოველი უჯრა, უნდა შეივსოს იმ მონაკვეთში არსებული ამინდის მონაცემებით. მონაცემების მოპოვება, სხვადასხვა სახის სენსორებით ხერხდება, შემდეგ კი ამ მონაცემების გამოყენებით ხდება განტოლებების ამოხსნა მოსალოდნელი ამინდის პროგნოზისათვის.
სქემატური მოდელირება შესაძლოა მოიცავდეს რეგიონს, მხარეს, ქვეყანას ან მთლიანად დედამიწას, იმის მიხედვით თუ რა არეალზე არის ამინდის პროგნოზის დადგენა სასურველი. რაც უფრო პატარა ზომისაა უჯრები, უფრო ზუსტი და ძვირად ღირებულია ამინდის პროგნოზის განსაზღვრა. თანამედროვე ამინდის პროგნოზის ტექნოლოგიებში ჩართულია სატელიტური სისტემები, სხვადასხვა სახის სენსორები, ხელოვნური ინტელექტი და მძლავრი კომპიუტერები. სენსორების მეშვეობით ხდება ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების, დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან ინფორმაციის შეგროვება და მძლავრ კომპიუტერებზე გადაგზავნა. შემდეგ, ამ მონაცემებს კომპიუტერები ამინდის პროგნოზირებისათვის ამუშავებენ. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი დიდ გავლენას ახდენს ამინდის პროგნოზის სიზუსტეზე. დღეისათვის, კომპიუტერული ტექნოლოგიების შედეგად გაკეთებული 4 დღის შემდგომი ამინდის პროგნოზი ისეთივე ზუსტია, როგორც 30 წლის წინ გაკეთებული მომდევნო დღის პროგნოზი იყო.
სუპერ კომპიუტერები და ხელოვნური ინტელექტი
მაინც რატომ არის დამოკიდებული კომპიუტერების განვითარებაზე ამინდის პროგნოზი? საქმე ის არის რომ, ამინდის პროგნოზის სიზუსტე დამოკიდებულია ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენების სიმულაციის სიზუსტეზე რაც მეტი ინფორმაციის მიღებას მოითხოვს და ამ ზღვა ინფორმაციის მყისიერ დამუშავებას. ასეთი სუპერკომპიუტერები უკვე გამოჩნდა ამერიკული IBM-ის ამინდის პროგნოზისა და ევროპულ MET Office-ში (მეტეოროლოგიური ოფისი ბრიტანეთში), სუპერ კომპიუტერების ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება. ეს კომპიუტერები ისეთი სიზუსტით აკეთებენ ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენების, ქარის, ტემპერატურის თუ ატმოსფერული წნევის მოდელირებას რომ, მათ ხშირად დედამიწის ატმოსფეროს ციფრულ ტყუპისცალებსაც კი უწოდებენ.
უკვე წლებია, სუპერმძლავრ კომპიუტერებთან ერთად, ამინდის პროგნოზირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ხელოვნური ინტელექტი გახდა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ამინდის პროგნოზირება მეტად დეტალური, ზუსტი და მასშტაბურია. ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული პროგნოზი, მანქანური სწავლების ალგორითმებზეა დაფუძნებული, რისი მეშვეობითაც ზუსტი პროგნოზის გაკეთება, უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი.
კომპანია IBM ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამინდის პროგნოზის ტექნოლოგიებში კომპიუტერული სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო. ტელეკომპანია ევრონიუს ჯორჯიას ამინდის პროგნოზისათვის საჭირო მონაცემები, სწორედ IBM Weather Company-ს სუპერკომპიუტერისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის დადგენილი. მოპოვებულ ინფორმაციას IBM-ი ევრონიუს ჯორჯიას სერვერებზე გზავნის. ხოლო მიღებული ინფორმაცია, ევრონიუს ჯორჯიას ქართველი პროგრამისტების მიერ შექმნილი საგანგებო პროგრამის მეშვეობით, ავტომატურ რეჟიმში გარდაიქმნება ამინდის ქართულენოვან სატელევიზიო ვიდეობლოკებად.